Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცირა ელისაშვილი: ვიზუალურად პროექტი „პანორამა თბილისს" ჰგავს

31 იანვარი, 2018 18:45

„ტფილისის ჰამქრის“ წევრი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი რუსთაველის #12-ში სასტუმროს პროექტის ესკიზზე „ლიბერალს“ ესაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსთაველის #12-ში სასტუმროს პროექტის ესკიზი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ექვსმა წევრმა  მოიწონა. მთავარი  არქიტექტორი  შალვა მიქელაძეა. 

ცირა ელისაშვილის თქმით, ეს ესკიზი არ არის ერთადერთი, რომელიც რუსთაველის #12-თან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა არქიტექტორმა და დავალების მიხედვით კონკურსისას გადაწყდა, რომ შენობა უნდა დანგრეულიყო. კონკურსის მონაწილეებს ახალი შენობის შესახებ თავიანთი ხედვა უნდა წარმოედგინათ. 

„SOS, წარმოუდგენელი ამბავი“ - რუსთაველზე კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

„ეს ინფორმაცია ჩვენ, „ტფილისის ჰამქარმა“ გავავრცელეთ. ამას საზოგადოების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. შემდეგ ეს საკითხი მიწყნარდა. ახლა  რა პროექტიც გამოქვეყნდა, ეს არ არის იმ ძველი  პროექტებიდან, რომელზეც მე ვსაუბრობ, რაღაც ახალია, მაგრამ მიდგომა ისევ ძველია. არსებული შენობა უნდა დაინგრეს და აშენდეს ახალი“, - თქვა ელისაშვილმა. 

მისი თქმით, ახალი შენობა ძველის დანგრევის ხარჯზე უნდა აშენდეს, რაც მიუღებელია, რადგან არსებული შენობა მნიშვნელოვანი საბჭოთა სტალინური პერიოდის არქიტექტურაა. 

„ფუნქციური დანიშნულება რა იქნება, იქნება ეს სასტუმრო, ბიზნესცენტრი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის საკითხი - რის ხარჯზე უნდა აშენდეს ახალი შენობა. ამ შემთხვევაში ძველის ნგრევის ხარჯზე, რაც ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. ეს შენობა 1953-1955 წლებში შენდებოდა და ის არის 1934 წელს აშენებული შენობის რეკონსტრუქციის ვარიანტი. ეს რეკონსტრუქციაც კი დღეს ფასეულია, რადგან ძალიან კარგად გამოხატავს საბჭოური პერიოდის, ე.წ. სტალინური იმპერიისა და ქართული ხუროთმოძღვრული ელემენტების შერწყმის მაგალითს“, - ამბობს ელისაშვილი. 

ყოფილი კავშირგაბმულობის შენობას ძეგლის სტატუსი არ აქვს. თუმცა ელისაშვილის თქმით, ის იმსახურებს სტატუსს და ამისთვის „ტფილისის ჰამქარმა“ რამდენჯერმე მიმართა შესაბამისს უწყებებს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა ის, რომ შენობას ძეგლის სტატუსი არ მიენიჭა, არ ნიშნავს, რომ ის ფასეულობას არ წარმოადგენს. 

ცირა ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მშენებლობის ნებართვას და ჯერ პროექტი მერიასთან შეთანხმებული არ არის, პროცედურა დაწყებულია და მერიამ უნდა უზრუნველყოს, რომ პროცედურა იყოს გამჭვირვალე, ჩართული იყოს ყველა მხარე. ამასთან ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ პროექტის არქიტექტორი შალვა მიქელაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრია, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს. 

კალაძე რუსთაველის #12-ში სასტუმროს პროექტის ესკიზზე: გადაწყვეტილებას სწრაფად არ მივიღებთ

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მთავარი არქიტექტორი  არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრი. რა თქმა უნდა, აქ  არის ინტერესთა კონფლიქტი. შინაგანად მჯერა, რომ თავად ეს ადამიანი ამ ესკიზური პროექტის შეთანხმების კენჭისყრაში მონაწილეობას ალბათ არ იღებდა, თუმცა ამით სურათი არ იცვლება. როცა, თავად საბჭოს წევრს შემოაქვს  თავისი პროექტი, ეს უკვე აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ამ პროექტის ჩავარდნა ნაკლებად სავარაუდოა“, - თქვა ელისაშვილმა. 

ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ვიზუალური თვალსაზრისით პროექტი ასოცირდება „პანორამა თბილისის“ პროექტთან,  რომელიც „ცეკავშირის“ შენობის ადგილას შენდება. 

„ძალიან ცუდ ტენდენციებს ვხედავ, რადგან ჰგავს „პანორამა თბილისის“ პროექტს, რომელიც ცეკავშირის შენობის ადგილას შენდება. მაგ:  სილუეტის გამეორება, კუთხეზე გამოსვლა ცილინდრული ფორმა, მათ შორის მასშტაბიც. ესკიზზე შენობის მასშტაბი შეიძლება ძალიან არ სცილდება ახლანდელს, მაგრამ ამ ფორმისა და სილუეტის წყალობით, ის უფრო დომინანტი ხდება, ვიდრე ის შენობა, რომელიც ახლა დგას. რა თქმა უნდა, მიუღებელია და  ცუდი ტენდენციაა, თუ არქიტექტორების მხრიდან ამიერიდან სწორება იქნება „პანორამა თბილისის“ პროექტზე“, - ამბობს ელისაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^