საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსხვილ ჩინურ კომპანია CEFC China Energy-ში რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. კომპანიამ რეგიონში CEFC-ის ინვესტიციები უნდა მართოს.
CEFC Energy Company Limited ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საქმიანობს. ასევე მუშაობს ფასიანი ქაღალდების, აქტივების მართვისა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობის მიმართულებით.
2017 წლის მონაცემებით, CEFC Energy Company Limited ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებს შორის მე-8 ადგილზეა, ხოლო Fortune 500-ის რეიტინგში 222-ე ადგილს იკავებს. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. CEFC Energy Company Limited-ის კონგლომერატი ფულს აბანდებს მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
ირაკლი ღარიბაშვილი სორბონისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა. ის თსუ-ის მაგისტრია საერთაშორისო ურთიერთობებში. ის 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წლიდან პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს“ წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი. ამავე წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ბიძინა ივანიშვილი და თანამდებობა 2015 წლის 24 დეკემბერს დატოვა.