Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტიცია სნო-ჯუთა-როშკას გზის წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლოა დაცული ტერიტორიები გადაკვეთოს

13 თებერვალი, 2018 17:28

სნო -ჯუთა - როშკას გზის პროექტის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება, რომელშიც მოქალაქეები ცხოველთა საბინადრო გარემოს დეგრადაციისა და სტიქიური კატასტროფების რისკების შესახებ საუბრობენ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ გზამ, შესაძლოა, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ​ტერიტორიებზეც გაიაროს, რაც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ​ კანონით აკრძალულია.

პეტიციის ტექსტს „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ: 

„საქართველოს მთავრობა (საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) გეგმავს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას.  პროექტის სნო -ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა“, მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებსა და ალპურ ველებს. ამის გამო, გარდაუვალია პირველყოფილი ლანდშაფტების, ეკოსისტემების, ენდემური, რელიქტური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დეგრადაცია და კატასტროფული სტიქიური მოვლენების, როგორიცაა მეწყერები, ღვარცოფები, ხანძრების ზრდა.

პროექტის განმახორციელებლები არც კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას ერიდებიან და საავტომობილო გზის მშენებლობას ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და დაგეგმილ „ზურმუხტის ქსელის საიტებზე“ გეგმავენ. პროექტი  მძიმე დარტყმას მიაყენებს საწყის ეტაპზე მყოფ სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს; საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმს, სამთო ველო-ტურიზმს, ვეღარ განვითარდება ზამთრის სკი-ტურინგის მარშრუტები, თავშესაფარი ქოხები, სამთო ბანაკები და ა.შ.

დანიშნულებას და იერს დაკარგავს სამთო-საბანაკე და ბუნების ღირშესანიშნავი ადგილები: ჭაუხი, აბუდელაურის ტბები, ტურისტული სამთო ბილიკები, უღელტეხილები, მთის მდინარეები და სხვ.   

სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და დაცლისაგან გადარჩენის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენს. მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით (ტურისტებს ბევრჯერ მოუწევთ გაჩერება მარშრუტზე), ვიდრე საავტომობილო გზაზე გადაადგილებული  ტურისტებისგან...

დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.  გზის მოვლა ძალზე დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რესურსები ისეთ მნიშველოვან და გადაუდებელ საჭიროებებს მოაკლდება, როგორიცაა პენსიები, მასწავლებლების ხელფასები და მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება. ჩვენ, ასევე, გვაღელვებს შესაძლო ან არსებული ინტერესთა კონფლიქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და გზის პროექტის დაგეგმვისთვის დაქირავებულ კომპანიებს  შორის.

ხაზი უნდა გაესვას, რომ პროექტი გადაკვეთს ტერიტორიებს, რომლებსაც სხვადასხვა თემი ტრადიციულად ფლობდა და იყენებდა. საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს ტრადიციულ და სათემო საკუთრებას და სახელმწიფო ამ ტერიტორიებს განიხილს, როგორც სახელმწიფო საკუთრებას. შედეგად, გარდაუვალია კონფლიქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. კონფლიქტის მონაწილე გახდება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც ამ ეტაპზე ლოიალურადაა განწყობილი საავტომობილო გზის მშენებლობის მიმართ, დროებითი დასაქმების ან სოფლებთან მისასვლელის გაუმჯობესების პერსპექტივის გამო.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებს, ამავე დროს, შევინარჩუნოთ ბუნება, დაცული ტერიტორიები და ეკო-ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები, დაგეგმილი პროექტის საუკეთესო ალტერნატივა იქნება კავკასიონის ხეობებში არსებული ჩრდილო-სამხრეთის დამაკავშირებელი გზების შეკეთება. ამასთან, აუცილებელია ამ სამუშაოების შეთავსება მთიანი რეგიონის მდგრადი განვითარების გეგმებთან, რაც უზრუნველყოფს მაღალ-მთიანი რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის დაბრუნებას,  ტრადიციული ყოფისა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს დამანგრეველი პროექტი. მოვითხოვთ, რომ ორჰუსის კონვენციის შესაბამისად, საჯარო განხილვის საგანი გახდეს არა პროექტის ცალკეული ნაწილები, არამედ მთელი პროექტი (სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის გზის რეკონსტრუქციისა და მშენებელობის პროექტი) - როგორც სტრატეგიული გეგმა. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროექტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს არა ძველი, 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმების, არამედ „გარემოსდაცვითი შეფასების  კოდექსის“ შესაბამისად, რომელიც მომზადდა ევროკავშირის დირექტივების მიხედვით და ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან".

„ლიბერალი" საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გზის მარშუტებს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ათანხმებენ. 

„მათი ხედვა ჩვენთვის გასათვალისწინებელია. წინა კვირას  დავიწყეთ მათთან და რამდენიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მათთან შეჯერებული პოზიციის შემდეგ გვეცოდინება ზუსტად მარშუტი" - ამბობს სეთურიძე. 

„ლიბერლაის" შეკითხვაზე, ათანხმებენ თუ არა დაცულ ტერიტორიებზე გზის გაყვანის საკითხს, იგი პასუხობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, და ხშირად ხდება, რომ გზა დაცული ტერიტორიიდან ამოირიცხება. 

„ხშირად არის, როცა დაცულ ტერიტორიებზე გადის გზა, ან ეხება. ხდება იმ ტერიტორიების ამორიცხვა თუ ამას ჩათვლის შესაძლებლად გარემოს დაცვის სამინისტრო. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ეს ყველაფერი თანხმდება და თუ კონსესუსლი იქნება, განხორციელდება" - თქვა სეთურიძემ. 

მისი თქმით, რეგიონის განვითარებისთვის გზების მშენებლობა აუცილებელია.

„არის ბილიკები, რომლებითაც ერთმანეთს უკავშრდება ხევი, ფშავ-ხევსურეთი, და ვთქვათ თუშეთი. გამომდინარე იქიდან, რომ მთის რეგიონებისა და ტურიზმის განვითარებას პირველ რიგში გზა სჭირდება, აქედან წამოვიდა ეს იდეა და რამდენიმე მონახაზი ფონდებში იყო დაცული. მთის რეიგონების განვითარებაზე ვიქრობთ და პირველ რიგში ალბათ გზები უნდა გავაკეთოთ. არ შეგვიძლია მოქალაქეები და ტურისტები ვატაროთ გზებზე, რომლებიც საფრთხის შემცველია. ასევე არ შეგვიძლია გავაკეთოთ გათვლები მხოლოდ იმ ტურისტებზე, რომელთაც ფეხით და ცხენით სიარული სურთ. მემგონი ყველას აქვს უფლება მოინახულოს ის სილამაზეები რომლითაც ასე ვამაყობთ, ავტომობილით. 

ეს არის ჩვეულებრივი ხრეშოვანი გზები, რომლებიც მრავლად არის უცხოეთის ნებისმიერ ეროვნულ პარკებში და დაცულ ტერიტორიებში, თუნდაც იმისთვის რომ რეინჯერი, მეცნიერი ან ტურისტი გადაადგილდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი სტანდარტებით გაკეთებული, რომ გზშ-ის ყველა ნორმა იყოს დაცული. ზუსტად ამას ვაკეთებთ ახლა ჩვენ და არდ გადავდგამთ ერთ ნაბიჯს შეუთანხმებლად" - უთხრა სეთურიძემ „ლიბერალს". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური სტუმ ...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველო ...

ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა, - ამის შეს ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ნარკოტიკი ...

შსს-მ რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკ ...
^