Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500-მდე გაიზარდა

17 თებერვალი, 2018 18:57

2016 წელს, საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500-ით განისაზღვრა.

ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონისა“ და საერთაშორისო ფონდი „კურაციოს „ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. კვლევა ქსელის ზომის განსაზღვრის მეთოდის და კოეფიციენტების ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციების კვლევით, ექსპერტთა შეთანხმების თანახმად, 2014 წელს საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა  49 700 იყო.

აღნიშნული კვლევის შედეგებით ჩანს, რომ 2 წელში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 3 000-ით გაიზარდა.

კვლევის ექსპერტის თამარ სირბილაძის თქმით, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. საქართველოს პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა სეიშელის კუნულებისა და რუსეთის შემდეგ.

„ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახეზეა ნარკოტიკების მომხმარებელთა სტაბილური ზრდის ტენდენცია – ამ ტიპის კვლევები საქართველოში 2009 წლიდან ტარდება და ყოველ ორ წელიწადში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასით იზრდება“, - ამბობს ის.

„ლიბერალთან“ საუბრისას დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის დავით ოთიაშვილის შეფასებით, ცხადია ის, რომ საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ვერანაირად ვერ უწყობს ხელს ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას. მისი თქმით, ქვეყანაში არ არის საკმარისი სამკურნალო სერვისები და ამის შედეგად მომხმარებლების მნიშნვნელოვანი ნაწილი ვერ და არ წყვეტს მოხმარებას. ამასთან, ქვეყანაში არაა პრევენციული სისტემა, რომელიც გარკვეული დოზით მაინც შეამცირებდა ახალი მომხმარებლების ნაკადს.

„ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობის არათუ შემცირებას, ტემპის გაჩერებასაც ვერ უზრუნველყოფს ის მკაცრი პოლიტიკა, რომლის მომხრეებიც ამტკიცებენ, რომ ეს სიმკაცრე ზუსტად იმაზეა გამიზნული, რომ დასჯის შიშით ადამიანმა არ დაიწყოს მოხმარება ან შეწყვიტოს თუ უკვე მოიხმარს“, - ამბობს ოთიაშვილი.

მისი თქმით, უამრავი მაგალითისა და არსებული მონაცემების საფუძველზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკას შეუძლია ზემოქმედება ზიანზე, რომელიც მოხმარებას თან ახლავს.

„ის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს პრობლემის მქონე ბევრი ადამიანის მოზიდვას და სხვადასხვა სახის სერვისში ჩართვას, გარანტირებულად გვაძლევს იმას, რომ მოხმარებას ნაკლები ზიანი მოაქვს ადამიანისთვისაც და ზოგადად საზოგადოებისთვისაც -  ესაა ავადობა, დოზის გადაჭარბებით სიკვდილი, ინფექციები, დანაშაული და ა.შ.“, - ამბობს ოთიაშვილი.

ოთიაშვილის თქმით, პორტუგალიის გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყანაში ძალიან მოკლე პერიოდში მოხერხდა პრობლემური მომხმარების მნიშვნელოვანი შემცირება. სხვა ქვეყნებში კი ასეთი მკაფიო შემცირება არ მომხდარა.

პროტუგალიის ასეთი წარმატება კი აიხსნება იმით, რომ პრაქტიკულად ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოკლე პერიოდში დაიგეგმა და მიზანმიმართლად განხორციელდა ძალიან მკვეთრი რეფორმები.

„თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით სვლა თანდათანობით ხდებოდა, პორტუგალიამ ეს ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში გააკეთა და ძალიან მასშტაბურად. შედეგად მიიღეს ის, რომ პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყნიდან ტრანსფორმირება ქვეყანად, რომელმაც 10 წელიწადში გაანახევრა პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა და ეს ნამდვილად მიღწერულ იქნა იმით, რომ დრამატულად გაზარდა შესაძლებლობები მკურნალობის და რეაბილიტაციის“, - ამბობს ოთიაშვილი.

მისი თქმით, „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებულ კანონპროექტის მთავარი მიზანიც არის ის, რომ პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემა ან მოიხსნან, ან შეიმსუბუქონ [მოხმარებით გამოწვეული ზიანი]. ამისთვის კი ადამიანებს  უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა სახის სერვისში ჩართვა.

„იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს [სამკურნალო პროგრამებში ადამიანთა ჩართვა], იძულებულები ვართ, შევცვალოთ კანონი, ვინაიდან დღეს კანონი გვეუბნება, რომ ასეთი ადამიანი ციხეში უნდა გაუშვა, პოლიციელი კი ასრულებს ამ კანონს. მას კანონი ავალდებულებს, რომ ვისაც დააკავებენ და დაუდასტურდება მოხმარება, სადამსჯელო მიმართულებით გაუშვას და საბოლოოდ ციხეში უნდა ამოყოს თავი. ეს რომ არ ხდებოდეს, რომ კანონი აძლევდეს პოლიციელს საშუალებას, რომ ის, ვინც მოიხმარს და არ არის ჩართული უკანონო ვაჭრობაში, არ ასაღებს ნარკოტიკს, ციხეში კი არ გაუშვას, არამედ მისცეს შესაძლებლობა პოლიციელს, რომ გაუშვას იქ, სადაც ამ ადამიანს დაეხმარებიან პრობლემის გადაჭრაში. ესაა კანონპროექტის არსი“, - ამბობს ოთიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისს მომზადებული აქვს დოკუმენტი - ნარკოპოლიტიკის რეფორმის გავლენის შეფასება, რომელიც ნარკოპოლიტიკის პრობლემის არსს და იმ პროგნოზირებად შედეგებს აღწერს, რასაც ქვეყანა ნარკოპოლიტიკის რეფორმის სხვადასხვა სცენარით განვითარების შედეგად მიიღებს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ რეფორმა სრულად განხორციელდება - ანუ თუ გაუმჯობესდება მკურნალობა-რეაბილიტაციის სისტემა, შეიქმნება პირველადი პრევენციის სისტემა და ნარკოტიკების მოხმარებასა და ფლობაზე გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 2027 წლისთვის განახევრდება.

დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ „სცენარი 3-ის“, რომელიც კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური ინექციურ ნარკომომხმარებელთა რიცხვის შემცირებისთვის - 10 წლის შემდეგ, 2027 წლისთვის ინექციური ნარკომომხმარებელბის რაოდენობა 24 180 იქნება, მაშინ როდესაც, რეფორმის არ განხორციელების შემთხვევაში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა კიდევ 5 000-ით მოიმატებს და 55 614 შეადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სცენარის პირობებში ყველაზე ნაკლები ნარკომომხმარებელია, წარმოიქმნება ყველაზე მეტი საზოგადოებრივი სარგებელი და ეს სცენარი წარმოადგენს ყველაზე ეფექტიან ალტერნატივას (სარგებლისა და დანახარჯის თანაფარდობა ყველაზე მაღალია). 

ანგარიში: თუ რეფორმა სრულად ამოქმედდება, 10 წელში ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი განახევრდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^