„არ ვაპირებ პასუხის გაცემას" - მოგვწერა განათლების ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ „TV პირველზე" ზეწოლასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
ჩვენ ყოფილ ვიცე-პრემიერს მივწერეთ შეკითხვები - ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მას და დიმიტრი ქუმსიშვილს საუბარი ჰქონდათ „TV პირველის" მფლობელ ვატო წერეთელთან და ხელისუფლების მხრიდან იყო თუ არა არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და მუქარის მცდელობა.
ასევე ვკითხეთ გავრცელებულ ინფორმაციაზე - უთხრა თუ არა მან ვატო წერეთელს, რომ „დიდი ხანია, გიყურებთ. ვფიქრობთ, რა მოგიხერხოთ. თქვენ ხართ ავადმყოფივით, რომელიც ლოგინში წევს"...
თუმცა, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე „ლიბერალთან“ ყვებოდა რომ ის „TV პირველის“ ჟურნალისტების თხოვნით იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გასულ კვირაში გაიმართა.
როგორც ნინია კაკაბაძე ამბობს, ამ შეხვედრაზე ქუმსიშვილის და ჯეჯელავას გვარები დასახელდა.
„ჩვენმს კოლეგებმა გვთხოვეს შეხვედრა და მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს მათი ტელევიზიიის უფლებების შეზღუდვას. ეს ხდება ბიზნესისა და ბიზნესმენის გავლით. საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად კი ქუმსიშვილი და ჯეკელავა, მაშინ ჯერ კიდევ ვიცე-პრემიერი, იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, სადაც მიდიოდა საუბარი როგორც ბიზნესზე ასევე ტელევიზიაზე. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს. ცხადია, ჩვენ არანაირი მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ყველა ჩვენგანმა გამოთქვა მზადყოფნა, დაიცვას ტელევიზიის უფლებები. მერე რა მოხდა და როგორ შეიცვალა ეს სურათი, არ ვიცით," - ამბობს ნინია კაკაბაძე.