Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწვანე ალტერნატივა: სამინისტრო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" ნორმებს შერჩევით იყენებს

19 თებერვალი, 2018 18:32

გარემოს დაცვის სამინისტრო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს" დაგეგმილი პროექტების მიმართ შერჩევითად იყენებს - შესაბამის განცხადებას ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" ავრცელებს და მიუთითებს, რომ სამინისტრო „ძველ“, ბევრად მარტივ, ხანმოკლე და საზოგადოებისთვის დახურულ პროცედურებს იყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი რიგი პროექტების მიმართ.

„​2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. კოდექსი ადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების განხორციელებამდე, საქმიანობის ინიციატორის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ჩატარების, ასევე, ამ შეფასების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. კოდექსში გაწერილი ეს პროცედურები სრულიად განსხვავდება კოდექსის ამოქმედებამდე, მისი წინამორბედის – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით  – დადგენილი პროცედურებისგან. კოდექსით შემოტანილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ განიხილება ის, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, გამოხატონ აზრი და მონაწილეობა მიიღონ ისეთი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მიღებით, საქართველომ, ერთი მხრივ, აღმოფხვრა კანონმდებლობის ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელთა გამოც ხელისუფლება, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მუდმივი კრიტიკის ქვეშ იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ;   მეორე, მხრივ, საქართველომ დაუახლოვა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის რამოდენიმე დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს. 2018 წლის 1 იანვარს კი, დადგა ის დრო, როდესაც გარემოსდაცვით უწყებას საქმით უნდა დაემტკიცებინა, რომ მართლაც მზად იყო, დაენერგა კოდექსით დადგენილი პროგრესული მიდგომები. როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, სამინისტრო მზად არაა ამისთვის და დღეს ამ მოუმზადებულობის პირველ შედეგებს ვიმკით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შერჩევითად იყენებს კოდექსის მოთხოვნებს დაგეგმილი პროექტებისა და მათი განმახორციელებლების მიმართ – ზოგს სთხოვს 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებას, ზოგს კი – ახალამოქმედებული კოდექსის. მაგალითისთვის, სამინისტრო „ძველ“, ბევრად მარტივ, ხანმოკლე და საზოგადოებისთვის დახურულ პროცედურებს იყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ისეთი დაგეგმილი საქმიანობების მიმართ, როგორიცაა: 

- მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოები ჭიათურაში;
- ონის ჰესების კასკადი რაჭაში;
- ცემენტის ქარხნის მშენებლობა ფოთში;
- საყდრისის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის გაფართოვება ქვემო ქართლში;
- სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა (იხ. სხვა პროექტები)" - ნათქვამია „მწვანე ალტერნატივის განცხადებაში".

ვითარების გამოსარკვევად ორგანიზაციამ გარემოს დაცვის სამინისტროს 5 თებერვალს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარში გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტში კოდექსის 48-ე მუხლზე მიუთითეს. 

„თანამშრომელმა მიგვითითა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლზე და დასძინა, რომ ამ განცხადებებით გათვალისწინებული საქმიანობების შემთხვევაში, სამინისტრო ხელმძღვანელობს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით ნებართვის გასაცემად დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესებით. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტი მართლაც ამბობს, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე (ანუ კოდექსის ამოქმედებამდე) ნებართვის გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები უნდა დასრულდეს წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედი წესების (ანუ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონით დადგენილი წესების) შესაბამისად. რა თქმა უნდა, კოდექსის ეს გარდამავალი ნორმა ლოგიკურია და სამართლიანია. პრობლემა ისაა, რომ ზემოაღნიშნული 54 დაგეგმილი საქმიანობიდან არც ერთ შემთხვევაში არ დაწყებულა ადმინისტრაციული წარმოება 2018 წლის 1 იანვრამდე; 54 საქმიანობის განმახორციელებლიდან არც ერთს მიუმართავს [გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების] სამინისტროსთვის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის თხოვნით. მიუხედავად ამისა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ამ დაგეგმილი საქმიანობების მიმართ სამინისტრომ უნდა გამოიყენოს არა ახალამოქმედებული კოდექსის, არამედ „ძველი“ ნორმები" - ნათქვამია მიმართვაში

ორგანიზაცია ვარაუდს გამოთქვამდა სახელმწიფო მოხელეებსა და დაგეგმილი პროექტების განმახორციელებლებს შორის კორუფციული გარიგებების შესახებ. ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი გადაუდებლად საჭიროებს გამოკვლევას და შესაბამისი ზომების მიღებას.

„სამწუხაროდ, მინისტრისადმი მიმართვაზე ორგანიზაციას პასუხი დღემდე არ მიუღია; დაგეგმილი პროექტების განმახორციელებლები კი, სამინისტროს მითითებით, განაგრძობენ ძალადაკარგული პროცედურებით ხელმძღვანელობას" - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

როგორ დაიცავს გარემოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"

პეტიცია სნო-ჯუთა-როშკას გზის წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლოა დაცული ტერიტორიები გადაკვეთოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^