დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, 1 მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე დაიწყება საპილოტე პროექტი, რაც ითვალისწინებს ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის I კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე ნაგავშემკრები კონტეინერების 22 საათიდან დაცლას.
„იმისთვის, რომ პილოტმა გაამართლოს და შევძლოთ მოძრაობის განტვირთვა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერები აავსონ საღამოს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას, საცობები ქალაქში ეს არის საკმაოდ მძიმე თემა და ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ გარკვეულწილად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა. თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონში და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა
კალაძის განცხადებით, ასევე 1 მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე ყველა მიკროავტობუსი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდება.