Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იან კელის ბოლო სიტყვა ელჩის რანგში: საქართველომ უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

22 თებერვალი, 2018 16:39

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საქართველოში ელჩის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა. საქართველოში თავის ბოლო სიტყვაში ელჩი ქვეყნის იმ მნიშვნელოვან მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხო, რომლებთან შეხებაც საქართველოში დიპლომატიური მისიის დროს ჰქონდა.

„საქართველომ უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა“, - განაცხადა ელჩმა. „უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩველის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით. საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს.“

იან კელის თქმით, მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე არადემოკრატიულ სამოქმედო არეალს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ პოზიტიური შეფასება დაიმსახურა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ელჩის თქმით, საარჩევნო გარემო მმართველი პარტიის დამომინატური მდგომარეობით ხასიათდებოდა და იყო ამომრჩეველთა და კანდიდატთა დაშინების შემთხვევებიც. 2018 და 2020 წლის არჩევნები კი კელის აზრით, საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

„პირველ რიგში, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით.“ - თქვა ელჩმა.

იან კელის თქმით, დემოკრატიისთვის ასევე მნიშვნელოვანია ცესკო-ს დამოუკიდებლობა, პლურალისტური პოლიტიკური სივრცე, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლი, თავისუფალი საარჩევნო გარემო და მედია. „არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება ან სხვაგვარად ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას.“ - თქვა ელჩმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში წარმოთქმულ ბოლო სიტყვაში კელი შეეხო ამერიკასა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას, ამერიკულ ინვესტიციებს და მის შთაბეჭდილებებს ქვეყანაზე. კელის თქმით, საქართველოს აქვს რეფორმების და დემოკრატიული განვითარების სურვილი, რის გამოც მის სწრაფვას დასავლეთისკენ ხელს ვერაფერი შეუშლის. „საქართველოს რეგიონულ ცენტრებში მოგზაურობისას, მაგალითად, როგორიცაა მთიანი მესტია ან ხალხმრავალი, ზღვისპირა ბათუმი, ჩემში აღტაცებას იწვევდა არა მხოლოდ საქართველოს მდიდარი კულტურა და ისტორია, არამედ მისი სწრაფი სვლა მომავლისკენ.“ - დასძენს კელი.

აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ქართველი სამხედროებისადმი, რომლებიც გლობალური უსაფრთხოების მისიებში არიან ჩართული. ასევე ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ამის დასადასტურებლად გაიხსენა მისი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თბილისში სტუმრობა.

იან კელის თქმით, ის 33-წლიან დიპლომატიურ სამსახურს ემშვიდობება და ამის შემდეგ მუშაობას ჩიკაგოს Northwestern University-ში გააგრძელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^