4 მარტს, 18:30 საათზე მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე გამართავენ აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“. აქციის მონაწილეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და ოკუპაციას გააპროტესტებენ.
საპროტესტო აქციას, ორგანიზატორების თქმით, უერთდება 40-მდე ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა კომერციული ობიექტები. სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, ისინი კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავიანთ მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.
მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.