Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1235 სკოლიდან ინკლუზიური განათლების ტრენინგი 719 სკოლის მასწავლებელს აქვს გავლილი - აუდიტი

13 მარტი, 2018 21:35

2015-2016 წლებში აუდიტის სამსახურმა ინკლუზიური განათლების სისტემა შეისწავლა. 2016 წლის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 6254 მოსწავლე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 1235 სკოლაში სწავლობს. 2016 წელს სკოლებში ინკლუზიური სწავლების ხელშესაწყობად ზოგადი განათლების მიმართულებით 11 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა; 

ინკლუზიური განათლების კუთხით მასწავლებლების გადამზადების ნაკლოვანებები


კანონმდებლობით, სპეციალურ მასწავლებელს აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელი არაა, შესაბამისი სფეროს კვალიფიკაციის იყოს. აუდიტის ჯგუფმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქვეყნის მასშტაბით, შეისწავლა 117 სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაცია. დასკვნაში წერია, რომ შერჩეული ერთობლიობიდან აკადემიური ხარისხი გააჩნდა 95%-ს, მაგრამ ინკლუზიურ სფეროსთან დაკავშირებულ დარგში კვალიფიკაცია მხოლოდ 44 მათგანს(38%) ჰქონდა მიღებული.

დანარჩენი მასწავლებლები, აკადემიურ ხარისხს ფლობდნენ სხვადასხვა დარგში - ძირითადად გააჩნიათ მასწავლებლის კვალიფიკაცია, თუმცა იკვეთება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არსებული აკადემიური ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. მსგავსი შემთხვევები, ანგარიშის მიხედვით, ფიქსირდება არა მარტო ზოგადსაგანმანათლებლო, არამედ სპეციალურ სკოლებშიც.

მასწავლებლების ინკლუზიური სწავლების ტრენინგებით უზრუნველყოფას ახდენს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს სურვილის შემთხვევაში. ხოლო, ტრენინგის გავლის ვალდებულება არ არსებობს იმ საგნის მასწავლებლებისთვისაც კი, რომლებიც უკვე ასწავლიან სსსმ მოსწავლეს. ტრენინგის გავლის ვალდებულება არც სპეციალურ მასწავლებელს გააჩნია, რომელიც დახმარებას უწევს სსსმ მოსწავლეს სწავლის პროცესში დაძლიოს სირთულეები და ინტეგრირდეს სკოლის გარემოში.

მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 1235 სკოლიდან, სადაც ირიცხება 6254 სსსმ მოსწავლე, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგი გავლილი აქვს 719 სკოლის მასწავლებელს, რომელიც ასწავლიან 4665 მოსწავლეს;

ხოლო 516 სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელს, რომელიც 1589 მოსწავლეს ასწავლის, ტრენინგი გავლილი არ აქვს.

ანგარიშის მიხედვით,  იკვეთება საპირისპირო შემთხვევებიც, ქვეყანაში ფიქსირდება ისეთი 43 სკოლა სადაც დასაქმებულ 239 მასწავლებელს აქვს გავლილი ტრენინგი, მაგრამ სკოლაში არ ირიცხება არც ერთი სსსმ მოსწავლე.

“სპეციალური მასწავლებლის როლი მნიშვნელოვნად განაპირობებს სსსმ მოსწავლის სკოლის გარემოში სრულყოფილად ინტეგრირებას. არ არსებობს დანერგილი სტანდარტი, რომელიც დაარეგულირებდა სკოლებში სპეციალური მასწავლებლების ოპტიმალურ რაოდენობას სსსმ მოსწავლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. არსებული პრაქტიკით, სკოლების მიხედვით განსხვავებულია სპეციალური მასწავლებლების რაოდენობა მოსწავლეების რაოდენობასთან მიმართებაში, რაც ავტომატურად მიბმულია დაფინანსების მოდელზე და არა სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე”, - წერია ანგარიშში.

ასევე, აუდიტის სამსახურის განცხადებით, გადამზადებული მასწავლებლების ნაკლებობის ერთ-ერთi მიზეზი ისაა,  რომ არ არსებობს მასწავლებლებისთვის ტრენინგის გავლის აუცილებლობა. გარდა ამისა, სპეციალური მასწავლებლები არ არიან ჩართული „მასწავლებლის საქმინაობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“, რაც ნიშნავს იმას რომ ვერ სარგებლობენ მასწავლებლისათვის განკუთვნილი ყველა უფლებით: “აღნიშნული ფაქტორი ამცირებს მათ მოტივაციას აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამასთანავე, ტრენინგების ჩატარების პროცესი არ არის დაყოფილი პრიორიტეტებად, არ ხდება იმ ფაქტის გათვალისწინება რომელ სკოლას აქვს მეტი საჭიროება ჰყავდეს ინკლუზიური მიმართულებით გადამზადებული მასწავლებელი კონკრეტული მომენტისთვის და მასწავლებლების სრული კონტიგენტის გადამზადების პროცესი არ არის დროში გაწერილი”.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, სსსმ მოსწავლეებისათვის სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სპეციალურმა და იმ საგნის მასწავლებლებმა რომლებიც ასწავლიან სსსმ მოსწავლეებს, ინკლუზიური განათლების კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია ტრენინგების გზით. ტრენინგების ჩატარების პროცესი გაიწეროს დროში, რის მიხედვითაც განისაზღვრება პერიოდი რომლის განმავლობაშიც მოხდება მასწავლებლების სრული კონტიგენტის ეტაპობრივი გადამზადება. ასევე, იმისათვის რომ, სპეციალურ მასწავლებელს გაეზარდოს მოტივაცია აიმაღლოს კვალიფიკაცია, მნიშვნელოვანია სისტემამ შექმნას შესაბამისი მასტიმულირებელი ფაქტორები და მოხდეს მისი მასწავლებლად აღიარება, რაც დადებითად აისახება სსსმ მოსწავლეების სკოლის გარემოში ინტეგრირების პროცესზე.

ამავე თემაზე: საქართველოს 2082 სკოლიდან მხოლოდ 17-ია სათანადოდ ადაპტირებული 

აუდიტის დასკვნა "ლიბერალს" შშმ პირთა საკითხების ექსპერტმა, კობა ნადირაძემ მოაწოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^