Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეფასება ონის ჰესებზე: სამშენებლო მოედნის სეისმური საშიშროება, ფაქტობრივად, შეფასებული არაა

23 მარტი, 2018 14:24

სამოქალაქო მოძრაობის - „არა ონის კასკადს" მიმართვის საფუძველზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა ონის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე შეფასება მოამზადა. ინსტიტუტის მიერ მომზადებულ წერილში ნათქვამია, რომ გზშ-ს ანგარიშში ფაქტობრივად არ არის შეფასებული სამშენებლო ტერიტორიის სეისმური საშიშროება. „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის შეფასებას.

„მოგეხსენებათ, რომ სეისმურად აქტიურ რეგიონებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სეისმომედეგი ნაგებობების დაპროექტებას, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორებიცაა კაშხლები. მიწისძვრის ზემოქმედებაზე ნაგებობის რეაქციის გამოთვლა მეტად რთული ამოცანაა. ნაგებობის რეაქცია დამოკიდებულია როგორც სეისმური ზემოქმედების პარამეტრებზე, (რხევის ამპლიტუდაზე, სიხშირულ შედგენილობაზე, ხანგრძლივობაზე და სხვ.), ისე ლოკალურ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებზე.

საქართველო და მთლიანად კავკასია მდებარეობს სეისმურად აქტიურ რეგიონში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მოქცეულ დეფორმაციის ფართო ზონაში, რომელიც ალპურ-ჰიმალაური კოლიზიური სარტყელის ნაწილია. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სეისმური აქტივობით სწორედ აღნიშნული რეგიონი გამოირჩევა. აქ მოხდა ყველაზე ძლიერი მიწისძვრა კავკასიაში (ინსტრუმენტული პერიოდის განმავლობაში). ამის შესახებ ანგარიშშიცაა ნათქვამი.

სამწუხაროდ, ანგარიშში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ აღნიშნული ტერიტორია 9-ბალიან ზონაში იმყოფება და მოყვანილია ფრაგმენტი საქართველოს მოქმედი სეისმური დარაიონების რუკიდან, თუმცა არაა ნაჩვენები სამშენებლო ტერიტორია. უბრალოდ იგულისხმება, რომ მთელი ტერიტორია 9-ბალიან ზონაშია. აღსანიშნავია, რომ ამ რუკაზეც კი, რომელიც 1999 წელსაა შექმნილი და ჩვენი აზრით, დღეისათვის აშკარად მოძველებული და გამოუსადეგარია, ნაჩვენებია გრუნტის მაქსიმალური აჩქარებებიც, რადგან იმ დროსაც კი ბალი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა განვითარებული ქვეყნების სეისმური საშიშროების შეფასებაში. თუმცა მთავარი ისაა, რომ საქართველოს მოქმედი სეისმური ნორმების მიხედვით აღნიშნული რუკა არ უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალური ნაგებობების დაპროექტებისთვის („სეისმომედეგი მშენებლობა“ პნ 01.01.09. მუხლი 3, პარაგრაფი 3.). ონის კასკადი კი, თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით სწორედ ასეთ ნაგებობას მიეკუთვნება. 

ასეთი ნაგებობებისთვის ყოველთვის სპეციალური სამუშაოები ტარდება სეისმური საშიშროების შეფასებისათვის და ხდება სეისმური საშიშროების სხვადასხვა დონის განსაზღვრა (ე. წ. მაქსიმალური შესაძლო მიწისძვრა, საპროექტო მიწისძვრა, საშუშაო დონის მიწისძვრა და სხვა). ამას გვეუბნება დღევანდელი საერთაშორისო პრაქტიკაც და რეკომენდაციები ჰიდროტექნიკური ნაგებობების სეისმური საშიშროების შეფასების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ სეისმური საშიშროების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ტერიტორიის გრუნტის კატეგორიის განსაზღვრა, რაც სეისმური პროფილირების საშუალებით ხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასეთი სამუშაოები ჩატარდა, თუმცა არ არის მოცემული შედეგები. ანგარიშში რაიონის სეისმურობის აღწერისას ბევრი სხვა უზუსტობაცაა დაშვებული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მთავარ საკითხზე შევაჩერეთ ყურადღება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სამშენებლო მოედნის სეისმური საშიშროება სრულიად არასაკმარისადაა შესწავლილი და ეს პრობლემა თავიდან უნდა იქნეს გამოკვლეული თანამედროვე დონეზე", - ნათქვამია წერილში.

ონის ჰესების კასკადი და მოსახლეობის პროტესტი

მდ. რიონზე ონის ჰესების კასკადს სს „ონის კასკადი“, შპს ფერი და თანაინვესტირების ფონდი აშენებს. ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ მდ. რიონზე დაგეგმილია ორსაფეხურიანი, მდ. რიონის ბუნებრივ ჩამონადენზე (წყალსაცავის გარეშე) მომუშავე ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ვიდეო► აქციის მონაწილე ხის კენწეროზე საქ ...

თელავისკენ მიმავალ გზაზე საპროტესტო აქციის მონაწილე ხის კენწეროზე ავიდა. იგი საქართველოსა და უკრაინის დროშებს აფრიალებს. ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ომბუდსმენი შსს-ს: მომიტინგეთა გადაადგილე ...

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმა ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ვიდეო► პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შ ...

თელავისკენ მიმავალ აქციის მონაწილეესა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. 
^