დღეს ზვიად დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ის სამართლებრივ დავას იწყებს და მისი ერთადერთი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა.
სამართლებრივ ბრძოლას დევდარიანი, როგორც დღევანდელი პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე გზით შეეცდება.
ის სარჩელს შეიტანს საქალაქო სასამართლოში პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის.
ამავდროულად დევდარიანი საგამოძიებო უწყებას კერძო და პირადი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
ასევე, აცხადებს, რომ მზადაა, ითანამშრომლოს შსს-თან, პროკურატურასთან იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც ადევნების მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო.
შსს-მ 23 მარტს ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა (ადევნების) მუხლით დაიწყო
ამავე პრესკონფერენციაზე დევდარიანმა განაცხადა, რომ ის მიმართავს სახალხო დამცველსაც, ამ საქმის დეტალურად შესწავლას მოითხოვნით.
ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას შეფასებით, დევდარიანის მიმართ დარღვეულია მრავალი საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმა და პრინციპი, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფცია და პერსონალური ინფორმაციის დაცულობის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„დევდარიანის საქმე არის პრეცედენტული და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ახლა უნდა გაირკვეს, სად გადის ზღვარი ძალადობას, რეალურ ფაქტებსა და ცილისწამებას შორის. ყოვლად მიუღებელია, 21-ე საუკუნეში ადამიანებს ასამართლებდნენ და მსჯავრს სდებდნენ ფეისბუკსასამართლოს მეშვეობით, ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე და ისე ხელაღებით და უაპელაციოდ ლახავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და საერთაშორისო ნორმებით აღაირებულ პრინციპებს, როგორც ეს ზვიად დევდარიანის შემთხვევაში მოხდა.“ - განაცხადა გაბუნიამ.
შეკითხვაზე, თუ ვის წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ადვოკატმა უპასუხა, რომ დევდარიანი მედიაგამოცემებებს არ უჩივის და სარჩელის ადრესატები არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც, გაბუნიას აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.
მისივე განცხადებით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომხდარი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო ზვიად დევდარიანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევასთან და, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა ააგორეს კამპანია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, რათა დევდარიანს კანდიდატურა მოეხსნა.
„კონკრეტულად, ამ ადამიანების სახელებისა და გვარების დასახელებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, სამართლებრივ ჭრილში არის საუბარი. მე აქ ჭორაობას ვერ დავიწყებ, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, მივმართავ გამოძიებას ხვალ. ვიცი სახელები და გვარები, მაგრამ არ გეტყვით, ისევ და ისევ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, რათა არ მოხდეს მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
მე ხვალ მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას კონკრეტული საქმის აღძვრის მოთხოვნით, მივმართავ სასამართლოს სარჩელით და იქ გაიგებთ კონკრეტულად, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები, რომლებიც არიან ანგაჟირებულნი კონკრეტული მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
ვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. განცხადება ექსკლუზიურად Ipress-მა გაავცელა.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს მიმართონ შსს-ს.