Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაგრძელდება თუ არა პედაგოგთა საგანმანათლებლო პროგრამების დეცენტრალიზაცია

06 აპრილი, 2018 19:57

გასული წლის ზაფხულში მასწავლებლის სახლმა დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევი პირველი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ეს იყო პირველი შემთხვევა თითქმის შვიდწლიანი წყვეტის შემდგომ, როცა პედაგოგებისთვის ტრენინგები მასწავლებლის სახლის გარდა კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა ჩაატარეს. 2011 წლიდან პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს ცენტრალიზებულად მასწავლებლის სახლი ახორციელებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ადგენდა პროფესიული განვითარების სტანდარტებს, ახორციელებდა პროფესიული განვითარების სერვისებს და შემდგომ აფასებდა პროცესს.

დარგის სპეციალისტთა შეფასებით, ეს იყო სახელმწიფოსა და მასწავლებლებს შორის ე.წ. იერარქიული თანამშრომლობის მოდელი, რომლის პირობებშიც შეუძლებელია ხარისხის განვითარება.

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა საგრანტო კონკურსი ორგანიზაციებისათვის, თუმცა „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაუდასტურა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს და ამ გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების დეცენტრალიზაციის პროცესი გაგრძელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი პროგრამების დეცენტრალიზაცია?

დარგის სპეციალისტების შეფასებით, განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციები მასწავლებლებსა და სკოლებს პროგრამებს ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით სთავაზობენ, თუმცა როდესაც პროექტი მთავრდება, რთულდება შემუშავებული პროგრამების განხორციელება. დეცენტრალიზაცია კი მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი და მასწავლებლების ინტერესებზე მორგებული სერვისების მომზადებასა და შეთავაზებას. 

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი განმარტავს, რომ ცენტრალიზაციის პირობებში, ტრენინგ-პროგრამის განვითარება უფრო მეტად დამოკიდებულია ბიუროკრატიულ ან პოლიტიკურ ინტერესებზე, ვიდრე მასწავლებლის საჭიროებაზე. რადგან საზოგადოების ინტერესი და საჭიროება, არ შეიძლება იყოს ერთგვაროვანი, ცენტრალიზაცია აკნინებს მასწავლებელთა არჩევანს და მრავალფეროვნებას.  

„განათლების სისტემა მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი განვითარება მმართველი გუნდის ცვლილებას არ არის მიბმული. ჩვენთან, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მმართველი ძალის ცვლილებას მოჰყვება განათლების პოლიტიკის ცვლილებაც. მეტი დეცენტრალიზაცია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ სისტემის განვითარებაზე პოლიტიკის გავლენა მაქსიმალურად იყოს შეზღუდული. ყველა რესურსი უნდა იყოს მობილიზებული დამოუკიდებელი ასოციაციებისა და უნივერსიტეტების გასაძლიერებლად, რადგან იქ არის ახალი ცოდნის შექმნის ადგილი“,- ამბობს თამარ მოსიაშვილი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს აკრედიტაციის მნიშვნელობაზე: 2008 წელს დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი,- ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულება, რაც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ პროგრამების ხარისხის დადგენას ითვალისწინებდა. ამოქმედდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია. სახელმწიფომ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგების ჩატარება აკრედიტირებული პროგრამების მქონე სხვადასხვა ორგანიზაციას მიანდო. სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით აფინანსებდა ტრენინგებს. მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდა აერჩია ორგანიზაცია და საჭირო ტრენინგი. თუმცა ეს პროცესი მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა. დღესდღეობით, პროგრამების აკრედიტაციის ნორმა რეალურად არ მოქმედებს, წლების განმავლობაში კი პედაგოგთა პროფესიული განვითარება აკრედიტაციის მექანიზმის გვერდის ავლით ხდება.

რას გეგმავს სახელმწიფო

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, რომ კონკურსისთვის გრანტის გაცემის წესი სავარაუდოდ თვის ბოლომდე დამტკიცდება, რის შემდეგაც გამოცხადდება საგრანტო კონკურსი.

მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ საგრანტო კონკურსის არსებობა სერვისის მიმწოდებელთა მრავალფეროვნებას განაპირობებს, მაგრამ მისი შეფასებით სისტემის მდგრადობისთვის, მნიშვნელოვანია არსებობდეს აკრედიტაციის მექანიზმი, რომელიც უკვე არსებულ ან ახლადშექმნილ ტრენინგ-მოდულების ხარისხის შეფასებას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანია ეს მექანიზმიც არსებობდეს, რათა მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამები შემოგვთავაზონ არამხოლოდ იმ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომელიც საგრანტო კონკურსით შეირჩნენ, არამედ არსებობდეს ტრენინგ-მოდულების ბევრად მეტი ჩამონათვალი, რომელიც იქნება მასწავლებლის საჭიროებაზე მორგებული, შეესაბამება ჩვენს კანონმდებლობას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. ამ მექანიზმის არსებობა იმისთვისაც მნიშვნელოვანია რომ, დეცენტრალიზაციის პროცესი არ იყოს მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე მიბმული“,- უთხრა „ლიბერალს“ მანანა რატიანმა.

მისივე თქმით, ამგვარი აკრედიტაციის მექანიზმის ამოქმედებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო, თუმცა ვერ აკონკრეტებს ვადებს, თუ როდისთვის შევა ძალაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.

„კოალიცია განათლება ყველასათვის- საქართველოს“ თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ  იქამდე სანამ სახელმწიფო აკრედიტაციის მექანიზმს საკანონმდებლო დონეზე შეიმუშავებს, მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესი გაგრძელდეს და სხვადასხვა ორგანიზაციებს საშუალება მიეცეთ საგრანტო კონკურსში ჩართვით მრავალფეროვანი და მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მოამზადონ.  

„დღესდღეობით, საგრანტო კონკურსით შერჩეული ორგანიზაციების შეფასება და მათი ხარისხის კონტროლი უფრო შესაძლებელია ვიდრე მასწავლებლის სახლის მიერ ჩატარებული ტრენინგის. რა გვაძლევს იმის ნდობის საშუალებას, რომ მათ მიერ ჩატარებული ტრენინგი ხარისხიანია? არაფერი. მასწავლებლის სახლი მოდულს თავად  აფასებს და ამტკიცებს. კონკურსის პირობებში კი საექსპერტო ჯგუფი, დამოუკიდებელი მესამე მხარე, პროგრამის ავკარგიანობას აფასებს, აქ დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ, იქამდე სანამ პროგრამის აკრედიტაციის მექანიზმი ამოქმედდება, მნიშვნელოვანია, პროცესი დეცენტრალიზაციის კუთხით გაგრძელდეს და არ შეფერხდეს“,- ამბობს ირინა ხანთაძე.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეეძლება, მათ შორის რეგიონებიდანაც.

მისი განმარტებით, ტრენინგების მთავარი მიზანი  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იქნება. განხორციელებული პროექტები კი იქნება უფრო გრძელვადიანი, ვიდრე აქამდე არსებობდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ კი  შემოწმდება თუ როგორ გამოიყენეს პედაგოგებმა ტრენინგზე შეძენილი უნარ-ჩვევები გაკვეთილზე.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ინტერკულტურული ცენტრის მხარდაჭერით საერთაშორისო კავკასიური ქსელი ბავშვებისთვის ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...

„მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტით ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხ ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.& ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ლევან გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ანომალიაა, ...

„ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დ ...
^