ქართულ მედიაბაზარზე გაზპრომ მედიის შვილობილი NTV-PLUS შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლდინგში შემავალი NTV-PLUS თავის ვებგვერდზე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, NTV-PLUS-ის პარტნიორი საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს „მედია ჯგუფი“ იქნება, რომლის წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.
რუსული კომპანია ქართველი მაყურებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას გეგმავს. პირველში 50-მდე არხი შევა, მეორეში კი - 90-ზე მეტი.
როგორ მიიღო NTV-PLUS--მა“ ავტორიზაცია? რას საქმიანობს კომპანიის პარტნიორი „მედია ჯგუფი“ საქართველოში? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად „ლიბერალი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დაუკავშირდა. მარეგულირებლის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ლიბერალი NTV-PLUS--ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესაფასებლად „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელს, ნათია კუპრაშვილს დაუკავშირდა.
ნათია კუპრაშვილს კითხვები აქვს NTV-PLUS--ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით. („ნეტგაზეთის“ ინფორმაციით NTV-PLUS--მა ავტორიზაცია 2016 წელს მიიღო).
ნათია კუპრაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ადგილობრივ კომპანიას ნაყიდი ჰქონდა პაკეტი და ამ ფორმით შეძლო ავტორიზაციის გავლა, რადგან მისი თქმით, უცხოეთში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ვერ გაივლიდა ავტორიზაციას.
ის ამბობს, რომ ქართულ მედიაბაზარზე რუსული მედია ორგანიზაციების შემოსვლის პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი გზა აკრძალვაა, რომელიც ფორმალურად, სავარაუდოდ, შესაძლებელია, თუმცა პრობლემას სრულფასოვნად ვერ მოაგვარებს, რადგან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ინფორმაციას რუსულად იღებს, პირატული გზით ისედაც ახერხებს სხვადასხვა არხებზე წვდომას და ინფორმაციის რუსული არხებიდან მიღებას. მაგალითად კი ქვემო ქართლის მოსახლეობა მოჰყავს, რომელიც ინფორმაციას პირატული თანამგზავრებიდან იღებს.
ნათია კუპრაშვილი ყურადღებას სახელმწიფოს პოლიტიკაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფცია.
„აკრძალვებზე რომ ვისაუბროთ, ვთქვათ, НТВ შემოდის, კი - ეს ძალიან საფრთხის შემცველია. ეს ნიშნავს ძალიან დიდ გავლენას, წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ცხადზე ცხადია, რომ აქ არაფერ შუაშია კომერციული ინტერესი. საგულისხმოა, რა ფონზე ხდება НТВ-плюс-ის საქართველოში შემოსვლა - ყველა მონაცემი საქართველოში აჩვენებს, რომ აქ მცხოვრები აუდიტორია (უმეტესად არაქართულენოვანი, მაგრამ ქართულენოვანიც) აღარ უყურებს ქართულ არხებს. გადადის უცხოურ არხებზე, რომელთა უმეტესობა სწორედ რუსულია“, - ამბობს ნათია კუპრაშილი.
ის სტატისტიკასაც იხსენებს და ამბობს, რომ 2017 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემით, ქართულმა ტელეარხებმა 30%-მდე აუდიტორია დაკარგა. ისინი ონლაინში კი არ წასულან, სხვა ტელევიზიების მაყურებელი გახდნენ და ეს მაუწყებლები უმეტესად რუსულია.
„მე გეტყვით კლასიკურ მაგალითს, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციებს პარლამენტის თავჯდომარესთან გვქონდა საუბარი. „აღმოსავლეთ პარტიონობის“ პლატფორმის ფარგლებში დავაყენე ეს საკითხი. ლიტვამ, ლატვიამ აკრძალა რუსული არხები, მანამდე უკრაინამ და ა.შ. ანუ აკრძალა იმ ქვეყნების საინფორმაციო მაუწყებლები, რომელთაც არ აქვთ რატიფიცირებული ევროპის ტრანსასაზღვრო შეთანხმება. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში მეორე საქართველოა, პირველი რუსეთი. ანუ ევროპაში ჩვენი არხებიც აკრძალულია. ამაზე არავინ საუბრობს. ჩვენ ვცდილობთ, დავაყენოთ ეს საკითხი. იმდენად არ გვაქვს საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, რომ რუსეთის არხებთან ერთად ჩვენი არხებიც აიკრძალა. ბოლოს ეს მოლდოვამ გააკეთა“, - ამბობს ნათია კუპრაშილი.
„ლიბერალმა“ შეფასება მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილსაც სთხოვა. ორგანიზაცია წლებია საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს და იკვლევს.
თამარ კინწურაშვილის თქმით, ციფრულ ეპოქაში რუსული ტელეარხების მედიაბაზარზე შემოსვლის აკრძალვა გამოსავალი არ ის. მთავარია სახელმწიფოს სტრატეგია, რომელმაც რუსული პროპაგანდის საწინააღდეგოდ სწორი კომუნიკაცია უნდა აწარმოოს.
„ამა თუ იმ ფორმით რუსული არხები ქართულ ბაზარზე ისედაც არსებობენ. ამას ემატება ობიექტივის ტიპის, ე.წ. პატრიოტული მედიები, რომლებიც პირდაპირ რუსულ სიუჟეტებს და ნარატივს ავრცელებენ. ამიტომ იმის თქმა, რომ რუსული პროპაგანდის წყაროები ქართულ ბაზარზე არ არსებობს და НТВ შემოსვლით ახლა საშიშროების წინაშე ვდგებით, არასწორი იქნება. სხვა საკითხია, რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს. შეზღუდვა, ჩემი აზრით, არ არის გამოსავალი, რადგან ციფრულ ეპოქაში ინფორმაციის ონლაინ მოპოვება შესაძლებელია. აკრძალული ხილი უფრო მაცდურია, ამიტომ პრობლემა უფრო ისაა, თუ როგორია სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაცია და როგორ პასუხობს ის რუსეთის მცდელობებს. სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა არ უნდა იყოს მხოლოდ ქაღალდზე და ის რეალურად უნდა განახორციელონ. სახელმწიფომ თუნდაც ფინანსურად არ უნდა წაახალისოს და ლეგიტიმაცია არ უნდა მისცეს იმ მედიებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან. რუსული პროპაგანდის გზავნილებზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სამთავრობო უწყებებს. რაც უნდა ეცადონ ცალკე აღებული მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უპასუხონ ამ გამოწვევებს, როცა პროპაგანდა ჰიბრიდულია, სახელმწიფოს გარეშე, რომელიც შეიძლება იყოს მაკონსოლიდირებელი, ამ ბრძოლაში ვერ მივაღწევთ შედეგს“. - ამბობს კინწურაშვილი.
რას გეგმავს ნტვ პლიუსი - არხის განცხადება
ქართულ მედია ბაზარზე გაზპრომ მედიის” შვილობილი НТВ-плюс შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლდინგში შემავალი НТВ-плюс თავის ვებგვერდზე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსახლეობას შესთავაზებენ არხების ორ პაკეტს. პირველში შესულია რუსული და საზღვარგარეთული წარმოების დაახლოებით 50 არხი, მეორეში - 90-ზე მეტი.
„20 არზე მეტი, რომელიც რომელსაც NTV-PLUS პლატფორმა წარმოგვიდგენს, ხოლდინგ «Газпром-медиа»-ის არხებია. მაყურებელს შეეძლება 22 გასართობი, 14 შემეცნებითი, 12 საინფორმაციო, 5 სპორტული, 5 საბავშვო, 5 მუსიკალური და 27 კინოარხის ნახვა, მათ შორის 2 UltraHD და 5 HD ფორმატში. ამასთან, მაყურებელს შეეძლება ყველა ქართული საეთერო არხის ყურებაც.
НТВ-плюс-ის პარტნიორია კომპანია «მედია ჯგუფი», რომელმაც პასუხს აგებს აღჭურვილობის გაყიდვაზე, ტექნიკურ მხარდაჭერასა და საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის წარმატებაზე“. - ნათქვამია განცხადებაში.
დიმიტრი ჩერნიშენკო, «Газпром-Медиа»-ის გენერალური დირექტორი ამბობს: „«Газпром-Медиа»-ს ქართულ „მედია ჯგუფთან“, რომელიც ხოლდინგის 20 საკუთარი არხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია, უკვე აქვს მუშაობის პოზიტიური გამოცდილება. ეს პარტნიორობა განპირობებულია საზღვარგარეთ ჩვენი მედიაკომპონენტის მოთხოვნით. «Газпром-Медиа“-ს წარმოების, მაყურებლამდე მიტანისა და დისტრიბუციის უნიკალური შესაძლებლობები აქვს“.
მიხაილ დიომინი, «НТВ-плюс»-ის გენერალური დირექტორი: „გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების ნაწილია. საქართველო ნამდვილად პერსპექტიული ბაზარია, მაგრამ ჩვენ მაუწყებლობის დაწყებას განვიხილავთ, როგორც არა მხოლოდ ბიზნესქეისს. ჩვენთვის ეს სოციალური მისიაც არის. პერქსპექტივაში ჩვენ არ გამოვრიცხავთ СНГ-ის ქვეყნებზე გასვლასაც, სადაც ტექნიკურად შესაძლებელია НТВ-плюс-ის სიგნალის მიღება.
დავით ნაკაშიძე, კომპანია Медиа группа-ის გენერალური დირექტორი: НТВ-плюс - ეს ცნობილი ძლიერი ბრენდი და ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტია. დღეს არსებობს მოთხოვნა რუსულ არხებსა და რუსულენოვან ლეგალურ კონტენტზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აბონენტები ამ წინადადებით დაინტერესდებიან.