
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებლები ფეხბურთს 14 აპრილს, 18:00 საათზე ითამაშებენ. „ვისაც მონაწილეობის სურვილი აქვს, შეუძლია ითამაშოს", - ამბობს კალაძე და დასძენს, - „არასამთავრობო ორგანიზაციები ურეკავენ ამ ფეხბურთელებს და აშანტაჟებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ შეხვედრაში და ამის მიუხედავად, ეს თამაში შედგება, ფეხბურთელები ითამაშებენ".
კალაძე სამართლებრივ მხარეზეც საუბრობს. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, ვინ იყო დამნაშავე. „თუმცა სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ვერაფერი შეაჩერებს, რაც არ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას, ჩვენს სარწმუნოებას, მამულს და ენას. ამ ყველაფერს ვერაფერი შეაჩერებს", - განაცხადა კალაძემ.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე შავკანიანი სტუდენტები ფეხბურთს თამაშობდნენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი აგრესიული მამაკაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევეს ტერიტორიიდან. როგორც თავად ამბობენ, მათ წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების მოტივი მათი კანის ფერი იყო.