Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია პლაკატების და ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას არ ეთანხმება

17 აპრილი, 2018 11:34

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც იგეგმება ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. 

დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება მუხლი, რომლითაც ცალკე გამოიყოფა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება და დაწესებულია უფრო მაღალი ჯარიმა,  ვიდრე დღეისათვის არის დადგენილი.

ცვლილებების მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის, გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული, 50 ლარისა. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი - 1 000-ლარიან ჯარიმას, ნაცვლად 500 ლარისა. 

საია მიიჩნევს, რომ:

- სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკს;

- 150-ე მუხლის პრაქტიკაში გამოვლენილი განმარტებები პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმები „იერსახის დამახინჯებად“, და შესაბამისად, სამართალდარღვევად დააკვალიფიციროს. საია-ს მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (გამოხატვის თავისუფლება), 25-ე (მშვიდობიანი შეკრების უფლება) და 26-ე (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებს;

- წარმოდგენილი კანონპროექტით არ აღმოიფხვრება ის შინაარსობრივი პრობლემა, რომლითაც 150-ე მუხლი ხასიათდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი, ისევე როგორც კანონპროექტით გათვალისწინებული 1502 მუხლი, არ არის ვიწროდ მიზანმიმართული და აწესებს ზედმეტად ფართო შეზღუდვებს;

- აღნიშნული ნორმები ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებს ბანერის განთავსებას, რასაც ზიანი საერთოდ არ მოაქვს საჯარო და კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისათვის იმგვარი ქმედებისაგან, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს იერსახის დამახინჯება;

- განსახილველი ნორმებით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების  თავისუფლებებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია,  როგორც 150-ე, ასევე 1502 მუხლები ჩამოყალიბდეს იმგვარი შინაარსით, რომ არ იწვევდეს სპონტანური გამოხატვის სამართალდარღვევად მიჩნევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელებული ნორმებით გათვალისწინებული ჯარიმა (რამდენად მინიმალურიც არ უნდა იყოს ის), ისევე, როგორც სიტყვიერი შენიშვნაც კი, აიძულებს პირს, უარი თქვას სამოქალაქო აქტივობაზე და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^