Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერის ულტიმატუმი ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით - რა შესთავაზა მან მუსლიმებს

20 აპრილი, 2018 12:45

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს ბათუმის მერმა მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ ნაკვეთის „მუსლიმთა სამმართვლოსთვის" გადაცემის წინაპირობა შესთავაზა. 

საინიციატივო ჯგუფი ეხმიანება ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე სასამართლოში მიმდინარე დავის ფარგლებში ქალაქის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების პროცესს და სურს საზოგადოებას გაუზიაროს მოლაპარაკებების ფარგლებში მერის მიერ წამოყენებული პირობები და მათზე ფონდისა და მუსლიმი მრევლის დიდი ნაწილის კრიტიკული პოზიციები. „ლიბერალი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ დასაწყისშივე მივესალმებით ახლადარჩეული მერის მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას და ინიციატივას ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის თაობაზე. მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნაბართვის გაცემაზე ქალაქის წინა მერის უარი აშკარად დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული იყო, რამაც მუსლიმი საზოგადოების უკმაყოფილება და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათი ინტერესების და საჭიროებების სრული უგულებელყოფის ძლიერი განცდა გამოიწვია. ვიფიქრეთ, რომ ახალი მერის ინიციატივა ქალაქის წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული სერიოზული პოლიტიკური შეცდომის გამოსწორებისა და დავის სამართლიანი გადაწყვეტის ინტერესით იყო განპირობებული. თუმცა, სამწუხაროდ, 2018 წლის 3 აპრილს ბათუმის მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე ბატონი ლაშა კომახიძის მიერ გაზიარებული მოლაპარაკების პირობები და ულტიმატუმი ჩვენთვის ცალხასად მიუღებელი აღმოჩნდა. მერმა იმავე მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ, ჩვენ სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა და მუსლიმი მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემა მოგვთხოვა. მერის განმარტებით, სწორედ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არის ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოსგან დაფინანსებასა და სხვა პროგრამულ დახმარებას იღებს, მას გადაეცემა მეჩეთები სარგებლობის უფლებით და იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობაში სწორედ მუსლიმთა სამმართველო არის შესული, მშენებლობის ნებართვის გაცემაც მხოლოდ მისთვის უნდა მომხდარიყო.

მერის მიერ წამოყენებული პირობა, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობა დასაშვები იქნებოდა სხვა ორგანიზაციისთვის, მაგრამ არა ჩვენთვის, ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომის ღია და აშკარა ლუსტრაცია იყო. ამასთან, მრავალრიცხოვანი მუსლიმი მრევლის მიერ დემოკრატიული, მშვიდობიანი გზებით დაწყებული თვითორგანიზების პროცესისა და ფონდის, როგორც ამ პროცესის შედეგად შექმნილი აქტორის სრული უგულებელყოფა ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი ინტერესების იგნორირების ნიშანი იყო.

შეხვედრის ფარგლებში ბატონ მერს წამოყენებული პირობების მიმართ ჩვენი უკმაყოფილება მაშინვე გავუზიარეთ და გადავეცით ფონდის საერთო კრების ოქმი, სადაც ნათლად იყო გამოკვეთილი ორგანიზაციის წევრების ნება, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესზე ხელმძღვანელობა სწორედ ფონდს უნდა ჰქონოდა. შეხვედრის შემდეგ ჩვენ გავმართეთ ინტენსიური შეხვედრები მრევლთან ბათუმსა და ხულოში, სადაც ასევე ცალსახად გამოჩნდა მრევლის ნება არ დავუშვათ ხალხის მიერ კარდაკარ მთელი წლის განმავლობაში შეგროვებული რესურსით შეძენილი მიწის ნაკვეთის სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემა და ფონდმა, როგორც მრევლის დიდი ნაწილის ნდობით აღჭურვილმა ორგანიზაციამ აიღოს სრული კონტროლი მეჩეთის მშენებლობის პროცესზე. მუსლიმი მრევლის თქმით, ეს რესურსი ჩვენთვის გადმოცემული ამანათია, რომელსაც ჩვენი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირების გაფრთხილება სჭირდება და მისი დაცვა ჩვენი რელიგიური ვალდებულებაა.

ჩვენ სრულად ვიაზრებთ, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა არსებითად სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაზე კონტროლის გზით მის ინსტრუმენტალიზებას ახდენს. ამგვარი ჩარევის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო 2014 წელს სამმართველოს მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობის ალტერნატივად საკუთარი რეზიდენციისა და მედრესეს შენობის მოთხოვნა, რომელიც ამ დრომდე არც კი ფუნქციონირებს. შესაბამისად, ცალსახად გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ ჩვენი კრიტიკიული პოზიცია მიემართება არა იმ მუსლიმებს, რომელიც სამმართველოში მუშაობენ და მასთან არიან აფილირებულნი, არამედ ხელისუფლებას, რომლის არასეკულარულმა და დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ, მუსლიმ თემში მსგავსი ტიპის პრობლემები და მუსლიმი საზოგადოებისთვის ისეთი კონსენსუსის მქონე ისტორიულ საკითხთანაც კი, როგორიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაა, დაძაბულობა გააჩინა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას - ხელისუფლებას, საზოგადოებას, მედიას არ დაუშვას აღნიშნული პროცესის როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირების განმარტება. შექმნილი პრობლემა ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს თვითნებური პოლიტიკის შედეგია, რომელმაც შექმნა და ამგვარი არადემოკრატიული და ისლამურ დოქტრინასთან აცდენილი ფორმა მისცა რელიგიურ ორგანიზაციას.

ნიშანდობლივია, რომ თავად სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ხალხის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა ან ინიციატივა ჩვენს წინაშე არასდროს დაუყენებია და შეხვედრაზე სამმართველოს ნაცვლად და მისი სახელით ხელისუფლება ლაპარაკობდა. მერის მიერ წაყენებული პირობა, ხელისუფლების მიერ მუსლიმთა სამმართველოს ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ხალხისვე სამართლებრივი კონტროლის წართმევით, საბოლოოდ მეჩეთის მშენებლობის პროცესის გაჭიანურება და შეფერხება სურს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ნაკლებად გვახსენდება მუსლიმი თემის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევების სახელმწიფოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტის მაგალითები. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩანდა ხელისუფლების ინტერესი ხელი შეეშალა და არ დაეშვა ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესი ბათუმში.

ქვემოთ წარმოდგენილ წერილში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის მერთან და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირებთან ფონდის მიერ გაგზავნილი წერილის სრული ვერსია და ჩვენი პოზიციები. ჩვენ გვესმის, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი მხოლოდ ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე არ წყდება და აქ არსებითად დგება ცენტალური ხელისუფლების პასუხისმგებლობის და მონაწილეობის საკითხი.

წერილში ჩვენ ვთხოვთ ქალაქის მერს სწორად შეაფასოს მუსლიმი საზოგადოების უმრავლესობის პოზიციები და მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი სამართლიანად, არადისკრიმინაციულად წარმართოს, არსებითად გადახედოს წინამორბედი მერის თვითნებურ და დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას და შესაძლებელი გახადოს ფონდის მიერ ბათუმში ახალი ისტორიული მეჩეთის მშენებლობა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მუსლიმი მრევლის ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნებისა და პოზიციების გათვალისწინების შემთხვევაში, ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, სასამართლო განხილვისა და მისი კონტროლის ფარგლებში გააგრძელოს მორიგების პროცესი და საბოლოოდ, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ, დროულად გადაწყვიტოს მიმდინარე დავა. მუსლიმი მრევლის წარმომადგენლობითი და თვითორგანიზებული გაერთიანების მიერ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ისტორიული პროცესია და მას ჩვენი საზოგადოების დემოკრატიზაციის მნიშვნელობაც აქვს. ხელისუფლების მიერ ამ პროცესის აღიარება და მხარდაჭერა ასევე სახელმწიფოს დემოკრატიულობის ნიშანი იქნება", - ვკითხულობთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^