მეტროს მემანქანეების მოთხოვნაზე - მათი ხელფასი 45%-ით გაიზარდოს, დღეს თბილისის ვიცე-მერი, ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი და მემანქანეების პროფკავშირი ერთმანეთს შეხვდა.
ვიცე-მერმა მათ განუცხადა, რომ სამშაბათამდე მერიაში დაიანგარიშებენ, რა სახის ფულად ხარჯზეა საუბარი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
18 აპრილს მეტროს მემანქანეებმა დააანონსეს, რომ 23 აპრილს მათი წინასაგაფიცვო პერიოდი ამოიწურებოდა. ხელფასის გაზრდაზე კომპანიისგან უარის შემთხვევაში კი, გაიფიცებოდნენ. თუმცა, მოლაპარაკებებში თბილისის მერიაც ჩაერთო, რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მფლობელია. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიაცია ერთი კვირით გადადო და დღეს სწორედ ამ მიზეზით, ერთმანეთს შეხვდნენ ვიცე-მერი - ირაკლი ხმალაძე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი - ნათია ჩიტოშვილი და მემანქანეების პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის“ ადვოკატი, ბექა ბადრიშვილი.
როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა თქვა, მემანქანეები დაელოდებიან მერიის გადაწყვეტილებას.
დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 1150 ლარია. მემანქანეები ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან.
მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ჯერ კიდევ 2016 წელს მოითხოვდნენ და გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათი გაფიცვა 30 დღით გადაავადა. ამის შემდეგ შემაჯამებელ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელფასების გადახედვის საკითხი იყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.