საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანისვილმა პოლიტიკაში დაბრუნება შიდაპარტიული ქაოსის აღმოსაფხვრელად, იძულებით გადაწყვიტა. მისი აზრით, ივანიშვილისთვის „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა საკმარისი იქნება პარტიაში წესრიგის აღსადგენად და მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება.
„სახელმწიფოებრივად პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო და მე ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაც. სერიოზულ მმართველობით კრიზისში შევდიოდით და ეს უკვე სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის რისკებს აჩენდა.
მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია. რაც მმართველ გუნდში ხდებოდა, ეს იყო უკვე არა შიდა დაპირისპირება, არამედ ქაოსი“, - ამბობს ხუხაშვილი „ლიბერალთან“.
ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ იღებს, შესაბამისად, მან, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დაბრუნების გარდა, მმართველ გუნდში დისციპლინის დამყარების სხვა გზა ვერ მონახა.
„მთავარია, რომ მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში, ფორმალიზება ესე რომ ვთქვათ. რა ფორმით ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იყო. მთავარი იყო, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა და ფორმა თვითონ აარჩია. მე ვფიქრობდი, რომ საპრეზიდენტო ფორმა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, თუმცა ეს არ არის ახლა პრინციპული საკითხი“, - ამბობს ხუხაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს.
„არ ვფიქრობ, რომ სჭირდება რაიმე თანამდებობა, რაში სჭირდება?! მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ აღადგინოს დისციპლინა“, - დასძენს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი.
დღეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამავე დროს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება. კვირიკაშვილის თქმით, მისთვის, როგორც ქვეყნის პრემიერისთვის ეს ფაქტი მისასალმებელია.