პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სულ უფრო იზრდება მოქალაქეთა რაოდენობა და შესაძლოა, გზა გადაიკეტოს.
გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო სპეცოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ კლუბებში 3 თვის განმავლობაში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. მათი თქმით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა.
სპეცოპერაციის პარალელურად, კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. „ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. აქციის მონაწილეებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. პროტესტის დროს დააკავეს მოქალაქეები. წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მათ მოთხოვნებს ავრცელებს:
- „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
- გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია;
- დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლების, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“.