17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საპატრიარქო „ოჯახის სიწმინდის დღეს" აღნიშნავს. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართა.
„ლიბერალის“ შეკითხვებზე, მიიჩნევს თუ არა საპატრიარქო, რომ ჰომოფობია საქართველოში სერიოზული პრობლემაა და რას მოუწოდებს მრევლის იმ ნაწილს, რომელიც აგრესიულადაა განწყობილი ლგბტ ადამიანების მიმართ, დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ:
„ნებისმიერი შეცდომილი ადამიანი ეკლესიისათვის არის ისეთივე შვილი, რომელსაც სჭირდება ჩვენი მამობრივი სიყვარული. ამიტომ, არანაირი აგრესიის მომხრენი მათ მიმართ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ. პირიქით, რამდენადაც მოგვეცემა საშუალება მათთან ურთიერთობისა და საღმრთო სიტყვის მათთან მიტანის, ყველა იმ შემთხვევას გამოვიყენებთ. ჩვენ სულ ღია გვაქვს კარი ამისათვის და შეიძლება საზოგადოებისთვის ნაკლებად იყოს ცნობილი, მაგრამ ეს ადამიანები აღსარებაზე დადიან.“
თუ მხედველობაში გაქვთ, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს, ზოგადად, აგრესიასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამჩნევთ ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ ვამჩნევთ ამას ხშირად. გვხვდება ეს აგრესიული პასუხები. ხშირად გვხვდება ეს პასუხები სიწმინდის დაცვის მოტივით. ვაცხადებთ, რომ არავითარ შემთხვევაში საღმრთო სიწმინდეს აგრესიით ვერ დავიცავთ. აქ სულ სხვა იარაღი და სულ სხვა ძალა აქვს ეკლესიას და სწორედ ეკლესიის შესაძლებლობებით უნდა დაიძლიოს ყოველგვარი ძალადობა. ეს იარაღი არის საღმრთო სიტყვა, სიყვარული.“
„ლიბერალის“ შეკითხვაზე, საპატრიაქრო ეწინააღმდეგება თუ არა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მღვდელი შალვა კეკელია პასუხობს, რომ გააჩნია, რა აღინიშნება და რა მოწოდებებია:
„გააჩნია, რას აღნიშნავენ, გააჩნია, რისკენ მოუწოდებენ; რას ითხოვენ ეს ადამიანები, თორემ ეკლესია ყოველთვის ეწინააღმდეგება ყველანაირ ძალადობას. ეკლესია პირიქით ყველა ცოდვილს იწყნარებს, „გიყვარდეთ ცოდვილნი, მაგრამ გძულდეთ მათი საქმენი“, ანუ ადამიანი, რომელიც ცოდვაშია,უყვარს ეკლესიას, მაგრამ ცოდვა, რომელიც ადამიანს ჭამს და ანადგურებს, ეკლესიისთვის მიუღებელია“, - განაცხადა მან.
საპატრიარქოს მოწოდება: ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობისას აგრესიისგან თავი შეიკავეთ
6-შვილიანი ოჯახების დალოცვა, 400-ზე მეტი ჯვრისწერა - რა გეგმები აქვს საპატრიარქოს 17 მაისს