Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო/ვიდეო► ლგბტ აქტივისტებმა 6 ლოკაციაზე დღეს პარტიზანული აქციები გამართეს

17 მაისი, 2018 18:10

ლგბტ აქტივისტებმა თბილისში 6 ლოკაციაზე პარტიზანული აქციები გამართეს. აქტივისტები გაჩერდნენ - იუსტიციის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვაკის პარკში მემორიალთან.

ლგბტ დროშის შესაბამისად თითოეული ადგილიდან სხვადასხვა ფერის კვამლი გაუშვეს. 

თითოეულ ლოკაციაზე აქტივისტებმა წაიკითხეს მიმართვები. მიმართვის ტექსტებს უცვლელად გთავაზობთ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „თანასწორობის მოძრაობამ" თბილისში მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქცია გააუქმა. 

მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 

„ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება. საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან. მსგავს დანაშაულებში პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია იკვეთება ხოლმე. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტ თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.
არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდას და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას“.

მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროს 

„სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლებაა! საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან სამედიცინო პროცედურებზე. სრულიად დაურეგულირებელია  სქესის კვლავმინიჭების საკითხი, რადგან არ არსებობს კლინიკური გაიდლაინი და პროტოკოლი.

შედეგად, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები გადიან  პროცედურებს, რომლებიც, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, წამებად მიიჩნევა; პროცედურებს, რომლებიც შეუქცევად ფიზიკურ და ფსიქიკურ შედეგებს იწვევს. ჩვენთან ეს საკითხი სრულიად დაურეგულირებელია.

მოვითხოვთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს ტრანსგენდერ ადამიანებსა და ინტერსექს ადამიანებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. უნდა დაინერეგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერსექსი ადამიანების დაცვას სარისკო ქირურგიული ოპერაციებისაგან და ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სქესის კვლავმინიჭების სამედიცინო პროცედურებს".

მიმართვა იუსტიციის სამინისტროს

„საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ვერ აღწევენ ყველაზე მნიშვნელოვან აღიარებას, ვერ ახერხებენ სქესის ცვლილებას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, რადგან კანონით არ არის დარეგულირებული გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი. 

დღევანდელი მდგომარეობით, სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის, ადამიანები იძულებული ხდებიან, ჩაიტარონ არასასურველი, სამედიცინოდ გაუმართლებელი, ძვირადღირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პროცედურები. 

შედეგად ტრანსგენდერი ადამიანები დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან ყოველდღე, ყოველ ადგილას, სადაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უთანასწორო პირობებში იმყოფებიან დასაქმების, სერვისის მიღების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისას. 

ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშაოს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმი! ტრანსგენდერ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იძულებითი სამედიცინო პროცედურების გარეშე ატარებენ ისეთ პირადობის მოწმობას, რომელიც მათ რეალურ სქესს დაადასტურებს".

მიმართვა განათლების სამინისტროს 

„როგორი სკოლა გვინდა?
სკოლა, სადაც იქნება უსაფრთხო გარემო ყველასათვის, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს. 

სადაც, ბავშვებს, რომლებსაც უფროსების მხარდაჭერა სჭირდებათ, ეს უფროსები გაუგებენ, მიიღებენ. დაგეგმავენ ჰომოფობიურ ბულინგთან გამკლავების სტრატეგიას. შეწყდება ჰომოფობიური ბულინგი მდუმარე თანხმობის ფონზე და მოხდება ამ პრობლემის პრიორიტეტად გამოცხადება.

ჩვენ გვინდა, რომ სკოლა არ იყოს მხოლოდ აკადემიური უნარების სწავლების დაწესებულება, არამედ მან  უნდა გაამყაროს ჰუმანური ღირებულებები, ხელი შეუწყოს ბავშვების განვითარებას.

ბავშვობაში გადატანილი ჰომოფობიური ბულინგით გამოწვეული ტრავმები ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე მიჰყვება, ხოლო ამ დროს შეძენილი სიძულვილი ჰომოფობიური აგრესიის განმაპირობებელია.

ამიტომ, ჩვენ გვინდა უსაფრთხო სკოლა. სკოლა ჰომოფობიური ბულინგის გარეშე. ჩვენ გვინდა სკოლა ყველასათვის".

ვაკის პარკი 

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. აიდაჰოს დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს ვცადეთ. თუმცა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონტრაქციის გამო ვერ შევძელით მსვლელობის დასრულება. 2013 წელს კონტრაქციის ორგანიზება არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, ეკლესიამ ითავა. დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ამ მასშტაბური ძალადობის ფაქტზე რეფლექსიის სანაცვლოდ, 2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა ასე იქცა ეს დღე სიძულვილთან ბრძოლის დღედ, ჰომოფობიის ზეიმად, რომელსაც სიყვარულის სახელით ყოველწლიურად აღნიშნავენ.

პარალელურად, ბოლო წლებში, განსაკუთრებით მომრავლდნენ არაფორმალური ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ სიძულვილს. თითქმის ყოველდღე ვისმენთ ღია მოწოდებებს სისხლისღვრისა და ძალადობისკენ. ჩვენ კი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მხოლოდ პოლიციის კორდონისა და უსაფრთხოების გაძლიერებული პირობების დაცვით გვიწევს. ეს რეალობაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ, მოქალაქეთა მხოლოდ ერთ ჯგუფს არ გვეხება. თუ საზოგადოების წევრებმა არ გავაცნობიერეთ საფრთხეები, რომლებიც მსგავსი ფაშისტური და ექსტრემისტული ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება მოჰყვეს, თუ სახელმწიფომ არ გააკეთა მკაფიო განაცხადი, რომ გამოხატვის თავისუფლება არ ფარავს ძალადობისკენ მოწოდებასა და შუღლის გაღვივებას ცალკეულ ჯგუფებს შორის, ხვალ საზოგადოების სხვა ჯგუფებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა მხოლოდ პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებს მოუწევთ.

ეს აქცია საღამოს დაგეგმილი და აწ უკვე გაუქმებული აქციის პარალელურად იგეგმებოდა. თუმცა, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენთვის ამ აქციის გამართვას კიდევ სხვა დატვირთვა მიეცა. ჩვენთვის სიმბოლურია რომ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, მოგმართოთ სწორედ ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალიდან - გავერთიანდეთ, რათა ფაშიზმმა არ გაიმარჯვოს.  

ლგბტ აქტივისტების შემაჯამებელი აქცია-პერფორმანსი ლისის ქუჩაზე გამართეს, სადაც კვამლი ლგბტ დროშის ფერებში გაუშვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^