ის, რომ აქციის მონაწილეზე თავდამსხმელი არასრულწლოვანია, არ ნიშნავს, რომ პასუხს არ აგებს - გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამ მომენტისთვის 15 წლის ს.კ. წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, რადგან ამას არასრულწლოვანთა კოდექსი კრძალავს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - გვითხრეს შსს-ში.
ის პასუხს აგებს 126-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების შესაბამისად. არ განიხილება არც მუხლის გადაკვალიფიცირება, არც რაიმე შემამსუბუქებელი ღონისძიება. ის დაისჯება კანონით გათვალისწინებული პროცედურებით - ამბობენ სამინისტროში.
17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეს.
ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.
სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 126. ძალადობას (28.04.2006. N2937) გულისხმობს, ეს არის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრალდება შესაძლოა დამძიმდეს, რადგან ამ მუხლის მეორე ნაწილის ზ) ქვეპუნქტი შეუწყნარებლობის გამო დანაშაულს ითვალისწინებს და ისჯება ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.