პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც სხდომაზე ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.
ოპოზიციის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.
„როგორც მომხმარებლების, ასევე სხვადასხვა უმცირესობის უფლებები უნდა იყოს დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესები ხშირად სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილია სწორედ ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ." [სტილი დაცულია] - თქვა ლურსმანაშვილმა.
„ლიბერალის" რედაქცია ემიჯნება ჰომოფობიურ გამონათქვამებს.
დეპუტატთა ეთიკის კოდექსი პარლამენტს არ დაუმტკიცებია. აღნიშნული პროექტი მარტში გამართულ კენჭისყრაზე ჩავარდა.
როგორც პარლამენტის პრესსამასახურში „ლიბერალს“ განუმარტეს, დოკუმენტის მისაღებად მისი თავიდან ინიცირებაა საჭირო. ეთიკის კოდექსი, როგორც ნორმატიული დოკუმენტი 2 მოსმენით მიიღება.
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის პროექტით, პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.