Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისს გაიხსნება

22 მაისი, 2018 16:10

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომლის ფოკუსქვეყანა გერმანია იქნება. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს.

„მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით, ფესტივალის ისტორიაში მასში პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საქართველოს დიდი დელეგაციით ესტუმრება.

„ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას და შეხვდებიან მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება" - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 70-მდე მონაწილე, რომლებიც წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ.

„უკვე დაგეგმილია 100-მდე ღონისძიება (მათ შორის, ლიტერატურული) - წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა,  პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და კონცერტები. ამას გარდა, გამოავლენენ საუკეთესო ბლოგერებს, მოეწყობა კოსტუმირებული კარნავალი და, რაც მთავარია, წარადგენენ სპეციალურ სტუმრებს. გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ: ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი, დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი. თინეიჯერებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „გამომცემლობა პალიტრა L" - საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“ - სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში კინოსა და თეატრის 25 ქართველი მსახიობი მკითხველთა წინაშე წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^