ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ ცნობით, 21 მაისს კასპში რესტორან „აგურებში" პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინიციდენტის სავარაუდო მონაწილეები, რომლებიც გუშინ კასპში პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ შეკრებილი, ამბობენ, რომ პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდებთან შეხლა-შემოხლის დროს იარაღიც გაისროლა.
მათივე თქმით, პოლიციელები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ რესტორნაში შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „თრიალეთის“ ცნობით, ნაცემია ინციდენტის მონაწილე ორი პოლიციელი.
გუშინ კასპში პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ინციდენტის მონაწილეები დაკითხვაზე დაიბარეს, ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი იქ თავიანთი მეგობრების სოლიდარობის გამო მივიდნენ. ასევე, აპროტესტებდნენ კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების ქმდებებს, პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კასპის პოლიციის უფროსის იოსებ მურადაშვილის გადადგომაა.
შეკრებილი ახალგაზრდების თქმით, რესტორან „აგურებში“ მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ისინი ყოველდღიურად განიცდიან პოლიციის მხრიდან ზეწოლას.
შს სამინისტროში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ პოლიციელების უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გენინსპენქციამ მოკვლევა დაიწყო.