„მერის განცხადება იყო უპასუხისმგებლო და სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც დღეს არის ქალაქში და რომელიც დადგა მათი მოქმედებების შედეგად“, - „ლიბერალთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ კალაძე ცდილობს, რომ თბილისის მოსახლეობა შეცდომში შეიყვანოს და ის მათ ატყუებს.
კალაძე VS მემანქანეები - ვინ რას ეყრდნობა მემანქანეთა ხელფასებზე საუბრისას
ღვინიანიძე ამბობს, რომ მერმა დღეს განცხადებაში მინიმუმ 3 ტყუილი თქვა:
- მემანქანეების ხელფასი
„ის არასწორად ასახელებს რიცხვებს მემანქანეების ხელფასის ოდენობაზე. ის საუბრობს 1400 და 1800 ლარზე, რაც არ არის მემანქანეების რეალური ხელფასი; მაქსიმალური ხელფასი პირველი კლასის მემანქანის არის 1150 ლარი [ხელზე ასაღები], რომელშიც შედის ყველა ტიპის დანამატი და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ბენეფიტი, რომელიც მათ აქვს. უფრო დაბალ, სხვა პოზიციაზე მომუშავე მემანქანეებს გაცილებით დაბალი ხელფასი აქვთ";
- ხელფასის გაზრდის მოთხოვნა მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზე
„მეორე ტყუილი, რომელიც მერის განცხადებაში იყო არის თითქოს მეტროს მემანქანეები მოითხოვდნენ მათი ხელფასის ზრდას მეტროს მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე, თუმცა არც ერთ შეხვედრაზე, არასდროს მემანქანეებს ამგვარი რამ არ გაუჟღერებიათ, არასდროს საკითხი ასე არ დაუყენებიათ“, - ამბობს ღვინიანიძე.
- მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას
„ის საუბრობს, რომ ეს გაფიცვა არის უკანონო და მეტროს მემანქანეები არ ემორჩილებიან სასამართლოს განჩინებას. ესაც არ არის სწორი, რადგან მეტროს მემანქანეები დღემდე სრულად ემორჩილებიან სასამართლოს განჩინებას, რომელიც, მათი აზრით, არის უკანონო, არაკონსტიტუციური, თუმცა ისინი ამ განჩინების ფარგლებში იყენებენ გაფიცვის უფლებას - მემანქანეები იფიცებიან დასვენების დროს, ხოლო სხვა დასაქმებულები იფიცებიან ჩვეულებრივი წესით, სამუშაო დროს; ვინაიდან მემანქანეები დასვენების დროს იფიცებიან და პარალელურად შიმშილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობამ მათ არ მისცა საშუალება, რომ დღეს ემუშავათ, მეტროს გაჩერება გამოიწვია სწორედ ამან“, - ამბობს ღვინიანიძე.
-
დღეს, 4 ივნისს, დილიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა გაჩერებულია. მეტროს მემანქანეებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გუშინ გაფიცვა და პარალელურად შიმშილობა დაიწყეს.