
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ანა დოლიძის სარჩელის მიხედვით, ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა. ანა დოლიძე ამბობს, რომ კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა და ფიქრობს, რომ ეს ფაქტი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის კრიტიკულ დამოკიდებულებასა და განცხადებებს უკავშირდებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში კანონის საფუძველზე იყო მიღებული და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
ანა დოლიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. როგორც მან განაცხადა, საბჭოს გადაწყვეტილება პროცესებიდან მისი აცილების თაობაზე ძალიან სახიფათო ტენდენციას ქმნის.
„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის შეიძლება, ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში, რადგან არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ნებისმიერი მოსაზრებისთვის, ნებისმიერი ზოგადი განცხადებისთვის საბჭოს წევრი დასაჯონ და ჩამოაცილონ თავისი ფუნქციების განხორციელებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.