Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მიმართ ძალადობისა და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულ ქალთა საქმეების მონიტორინგი - hridc

14 ივნისი, 2018 15:28

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგს ეხება.

ანგარიშში ორ საკითხზეა ყურადღბა გამახვილებული:

  • ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ქალთა სასამართლო მონიტორინგი და განაჩენთა ანალიზი.
  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგი და განაჩენთა ანალიზი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეთა სასამართლო მონიტორინგი

მონიტორინგის მიხედვით, მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაული დღესაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისათვის.

მონიტორინგის ანგარიშში მოცემული სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი და სისტემატიზებული სტატისტიკური ბაზა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულის თაობაზე ყოველმხრივ დამუშავებული ინფორმაციით. 

ასევე, ნათქვამია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების საკითხი. უკანასკნელმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ საზოგადოებას ჯერაც მაღალი მიმღებლობა აქვს ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

„სასამართლო სხდომათა მონიტორინგის დროს დაფიქსირებული ტენდენციით, ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე კონფლიქტის განეიტრალების, დაზარალებულთა უსაფრთხოებისა და მათი მეორადი ვიქტიმიზაცის პრევენციისათვის, ბრალდების მხარე ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, ძირითად შემთხვევაში, ითხოვს აღკვეთის ღონიძიების სახისა და ზომის ყველაზე მკაცრ - პატიმრობის შეფარდებას",- ნათქვამია ანგარიშში.

სტატისტიკური ინფორმაციით, 81  ბრალდებულიდან 66 ბრალდებულთან მიმართებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გახლდათ. 

სასამართლო სხდომათა მონიტორინგის დროს, ბრალდების მიერ ქალის მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე დანაშაულის არასწორი კვალაიფიკაციის საკითხი არ გამოვლენილა.

რაც შეეხება განაჩენთა შესწავლის შედეგად მიღებულ ანალიზს, დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენთა რაოდენობა და გამოყენებული მაქსიმალური სასჯელის სახე და ზომა გარკვეულ შემთხვევებში, არ არის პროპორციული დაზარალებულთა უსაფრთხოების საკითხთან, რადგან ბრალდებულთა მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულია პირობითი სასჯელი.

„სასჯელის პროპორციულობისა და დსაზარალებულთა უსაფრთხოების პრობლემა დგება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებში ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმებების დამტკიცებასთან დაკავშირებითაც,“- ნათქვამია ანგარიშში.

ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ქალთა სასამართლო მონიტორინგი

ნარკოტიკულ დანაშაულებში ბრალდებული ქალების მიმართ 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 თებერვლის ჩათვლით გამოტანილი სასამართლო განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ ქალ ბრალდებულებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას, ძირითადად, გამოიყენება საპროცესო შეთანხმება, სადაც სასამართლოს მონაწილეობა ნომინალურია.

„მოსამართლეები შინაარსობრივად არ სწავლობენ საპროცესო შეთანხმების პირობებს და არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა ნარკოდანაშაულებზე გადაწყვეტილების გამოტანისა და სასჯელის დანიშვნის დროს.  ნარკოდანაშაულებზე გამოტანილ განაჩენებში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა გადაწყვეტილების მიღებისას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარისად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად", - ნათქვამია ანგარიშში.

მოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ პრობლემურია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული ჩხრეკისა და ამოღების ღონისძიებებზე სასამართლოს მიერ განხორციელებული კონტროლის ხარისხი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებებიდან არ იკვეთება და არცაა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელდა ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები.

„რამდენიმე საქმეში, მტკიცებულებათა ერთობლიობა მოიცავს ჩხრეკის კანონიერად მიჩნევასთან დაკავშირებულ განჩინებას, მაგრამ დასაბუთება არც ერთ შემთხვევაში არ არის  და ძირითად საფუძვლად პოლიციელისთვის მიწოდებული ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია გამოიყენება. ეს კი, ცხადია, პოლიციელთა თვითნებობის რისკს სრულად ვერ გამორიცხავს, „- ვკითხულობთ ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგებში ნათქვამია, რომ შესწავლილი განაჩენების უმრავლესობაში გამოყენებული სასჯელის ზომები ნათლად მიუთითებს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურობასა და უსამართლობაზე. ასევე, გადაუჭრელ პრობლემად რჩება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობა და ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლის მეთოდები.  

მონიტორინგის შედეგებს ახლავს რეკომენდაციები.

ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^