Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწერალი ზურა აბაშიძე ამბობს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

22 ივნისი, 2018 11:44

მწერალი, ზურა აბაშიძე FACEBOOK-ზე აქვეყნებს ინფორმაციას და ამბობს, რომ მას გუშინ, 22 ივნისს კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ კი პოლიციას მიმართა, თუმცა უწყებაშიც გარკვეულ პრობლემებს წააწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა აბაშიძე და მისი მეგობრები გასაუბრების მიზნით სამინისტროში დაიბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კი დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რათა დადგინოს, იყო თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდება, დაიწყება გამოძიება.

აბაშიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს 7 საათისკენ გამოვედი სამსახურიდან, გეპეის მიწისქვეშა გადასასვლელი გადავჭერი და მეორე მხარეს ვიღაც შავ მაიკაში და ჯინსებში გამოწყობილი ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო, თავიდან ვითო კი მოვიგერიე, ავუჩქარე ნაბიჯი, მარა ზებრაზე გადასვლისას, მანქანამ რომ სვლა შეანელა, წინ გამისწრო და ხმამაღლა დაუყვირა მძღოლს, ამ პიდარასტს რატო უთმობთ გზასო, არ მომეშვა, მობრუნდებოდა, მაგინებდა, ბოლოს ტელეფონი ამოვიღე, ვიფიქრე, შევაშინებ, ხმას ვიწერ შენსას და კიდევ თუ გააგრძელებს გინებას პოლიციაში დავრეკავ-მეთქი, აქეთ წამოდიო, შენზე სროკს არ ავიკიდებო და მექაჩებოდა გვერდით, ახლა მართლა ვრეკავ-თქო, ავკრიფე ასთორმეტის ნომერი და მომვარდა, სახეში დამარტყა მუშტი ორჯერ, მეც რაც შემეძლო ვიფართხალე, ისეთი აღელვებული ვიყავი, ერთი-ორჯერ გავიქნიე ხელი, ჩანთა და ტელეფონი დამაგდებინა და სანამ მაკდონადსიდან არ გამოვარდა ხალხი, არ შემეშვა, მერე გინებ-გინებით წავიდა.

მივედი 1-2 საათში ჩემს ორ მეგობართან ერთად ტელევიზიის გვერდით პოლიციის შენობაში, განცხადების დაწერა მინდა-თქო და იქ დაიწყო თავგადასავალი, პირველივე ჯერზე გამომძიებელმა, გაფრთხილება დავუწეროთო, განცხადება არ გინდაო, განცხადება დიდხანს იწელება, ვერ დატოვებ ქვეყანას და სულ აქ მოგიწევს სიარული და იცოდეო, გაფრთხილება რას მოიაზრებდა ოღონდ, ვერ ამიხსნა ნორმალურად, მერე წამიყვანეს დანაშაულის ადგილზე, აღმოჩნდა რომ კამერები არ იყო დამონტაჟებული მაკდონალდსთან, 112-ის კამერები არ ფუნქციონირებსო, ასე მითხრეს, მოვბრუნდით უკან და როგორც კი შევდგი ფეხი პოლიციის შენობაში, ისევ იგივე კაცმა ამიხსნა, რომ რეალურად შეიძლება მეც ბრალეული გამოვსულიყავი, რახან ხელი შევუბრუნე და თუ მოწმე არ მყავდა, ვერაფრით დავამტკიცებდი, ერთი ოცჯერ რომ გამიმეორა ჩემი სავარაუდო ბრალეულობის შესახებ, მერე ისიც მოაყოლა, რომ იქნებ კიდევ დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა განცხადების დაწერა. საბოლოოდ მაინც დავწერე, მერე დავჯექი დაკითხვაზე, რაღაცებს აკაკუნებდა სხვა თანამშრომელი კომპიუტერზე და აპირებდა დაეწერა,რომ თითქოს ჩემთვის უცნობია, რა მოტივით დამესხა თავს უცხო პიროვნება, ერთი ოცჯერ გავუმეორე, რომ უცნობი არ არის, ჰომოფობიის ნიადაგი ჰქვია მაგას, მეძახდა კიდეც პიდარასტს-თქო, სანამ არ ვიჩხუბე და მივუვარდი მეგობრებს დასახმარებლად, რომლებიც იქვე მელოდებოდნენ, ვერ გავაგებინე, თან აქეთ მომიბრუნდა, რა იყო, ამხელა კაცი ხარ, შენი აზრი არ გაგაჩნია, რას დარბიხარ მეგობრებთანო. ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფოტოს გადაღებაში შენიშნა ჩემი მეგობარი და ორივე გაყარა გაფრთხილების გარეშე. და ყველაფერი დაგვირგვინდა დამკითხველის კითხვით, ვერ უთხარი თავდამსხმელს, ტრანსი არ ვარ, ნორმალური ვარო.

არც დავწერდი ამ პოსტს, უბრალოდ ვერ ვხვდები, სად არის გამოსავალი, როგორ უნდა დავიცვათ თავი, ვინ უნდა დაგვიცვას და მთელი დღეა რაღაც უსუსურობის შეგრძნება მაქვს, რომ არავის აინტერესებს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და ყველა იმას ფიქრობს, როგორ მოგიშოროს და აიცილოს ზედმეტი თავისტკივილი. ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე ძალიან ვეცადე რომ ჩემს სუბიექტურ აზრებს მოკლებული ყოფილიყო და მარტო ფაქტები გადმომეცა. საბოლოო ჯამში, მივიღე ის რომ, მალე შეიძლება ბრალეული აღმოვჩნდე იმის გამო, რომ თავს ვიცავდი + ძალადობას და სახეში მუშტების რტყმას არ დავუსტრესივარ ისე ძალიან, როგორც მახინჯმა პოლიციურმა სისტემამ, სადაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა ელაპარაკონ დაზარალებულ ადამიანს, სადაც საქმის აღძვრა ეზარებათ და სადაც გარტყმაში არ არიან, რას ნიშნავს, როცა ვიღაცა ქუჩაში გირტყამს იმის გამო, რომ ჭრელი პერანგი გაცვია",- წერს ზურა აბაშიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^