Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაზ ელიზბარაშვილს ცილისწამებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

25 ივნისი, 2018 19:03

თამაზ ელიზბარაშვილს, რომელსაც ცხოველთა თავშესაფარი აქვს, ცილისწამებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. გუდუნა დარბუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მისი თქმით, ელიზბარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცემით დაემუქრა.

მეტროსადგურ „დელისთან“ დღეს თამაზ ელიზბარაშვილმა აქცია გამართა. ის იმ ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ძაღლების გადაყვანას აპროტესტებს. ელიზბარაშვილის თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტმა უწყინარი, გასტერილებული ცხოველები წაიყვანა, რისი მიზეზიც ერთ-ერთი მოქალაქის ზარი გახდა. 

აქციაზე იყო გუდუნაც, რომელმაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში დარეკა. გუდუნას თქმით, „დელისთან“ ის ძაღლები მისი ძაღლის დაკბენას შეეცადნენ, მას კი უბრალოდ სურდა გაერკვია, იყვნენ თუ არა ეს ცხოველები აცრილი.

გუდუნა ჰყვება, რომ სურდა, მოქალაქეებისთვის აეხსნა მისი ზარის მიზეზი, აქციაზე კი ამის საშუალება არ მისცეს. თამაზ ელიზბარაშვილმა ცილი დასწამა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ელიზბარაშვილისვე გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს.

დარბუაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებმა ძაღლების მკვლელი უწოდეს, რაც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. „ლიბერალთან“ გუდუნა ჰყვება, რომ მას ცხოველები უყვარს და არც ამ ძაღლების მოკვლა მოუთხოვია.

თამაზ ელიზბარაშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ ის აქციის წინა დღეს ელაპარაკა გუდუნას. მან უთხრა, რომ ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა არ მოუთხოვია. ამის შემდეგ ელიზბარაშვილის თქმით, მან სთხოვა მოქალაქეს, რომ აქციაზე მისულიყო და იქ დაეფიქსირებინა ეს პოზიცია.

„იქ მე დავუსვი შეკითხვა - რატომ დარეკე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მეთქი. ხმა არ ამოიღო. მოერიდა კამერას, დადგა მოშორებით. მაგ დროს გავბრაზდი ძალიან და მგონი ასეთი რამ ვუთხარი - მოდი, თორემ გაგხევ შუაში-მეთქი!“ - იხსენებს აქციაზე მომხდარ შემთხვევას ელიზბარაშვილი.

მისი თქმით, გუდუნა დარბუაშვილმა აქციაზე არ ისურვა იმის თქმა, რომ მას უბრალოდ იმის გარკვევა სურდა, იყვნენ თუ არა ძაღლები აცრილი.

გუდუნა მიიჩნევს, რომ მისი უფლებაა გააკეთებდა თუ არა კამერის წინ იმ კომენტარს, რასაც ელიზბარაშვილი სთხოვდა აგრესიული ფორმით. მის უარს კი სიტყვიერი შერუაცხყოფა მოჰყვა. „ამ თემაზე ჩემი განცხადება, რომელიც მანამდე გავაკეთე, აქციის მონაწილეებმა როგორც ჩანს, არც იცოდნენ და უმიზეზოდ მომაყენეს შეურაცხყოფა“, - ამბობს დარბუაშვილი.

ელიზბარაშვილის თქმით, მეტროსადგურ „დელისთან“ მყოფი ძაღლები გასტერილებული იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის სააგენტომ შეისწავლა მათი ქცევა, ნახა, რომ არ იყვნენ აგრესიულები, დაავადებულები, ამის შემდეგ აცრა, გაასტერილა და დააბრუნდა ბუნებრივ არეალში.

თამაზ ელიზბარაშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ ეს ძაღლები მიკედლებულიც ჰყავდა ერთ-ერთ მოქალაქეს. თავად კი ხშირად კვებავდა და აგრესიულები არასდროს ყოფილან. ხოლო წინა ზარები, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა გადაყვანის არგუმენტად მოჰყავს, სხვა ძაღლებზე შევიდა.

„იქ იყო რვა ძაღლი, აქედან ერთ-ერთმა 14 ივნისს შარვალზე ვიღაცას კბილი გაჰკრა, რომელმაც ჯერ თავად ამოარტყა ფეხი ამ ძაღლს. ამ ძაღლზე შევიდა შეტყობინება, მაშინ მონიტორინგის სააგენტომ 4 ძაღლი წაიყვანა, ჩვენ კი ხმა არ ამოგვიღია“, - ჰყვება ელიზბარაშვილი.

ელიზბარაშვილის აზრით, გასტერილებული ძაღლების გადაყვანა ბიუჯეტის ფულის ფლანგვაა, თან ცხოველები რომლებიც აგრესიულები საერთოდ არ იყვნენ, ახლა თავშესაფარში არიან და გაურკვეველია მათი ბედი, შეიძლება დახოცონ კიდეც.

ცხოველთა დამცველის, თინათინ ჭავჭანიძის თქმით, გუდუნას ძაღლების დახოცვა არ მოუთხოვია, ის ღელავდა ძაღლების ბედზე, რაც Facebook-ზე მისი პოსტიდან ჩანს. როგორც ჭავჭანიძე ჰყვება, მან გუდუნას მაინც მისცა რჩევა, დაერეკა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში და გაერკვია, იყვნენ თუ არა ძაღლები აცრილი.

სააგენტოში განაცხადეს, რომ ამ ძაღლებზე ისედაც განსაკუთრებული დაკვირვება მიმდინარეობდა, რადგან დაკბენის რამდენიმე შემთხვევა ჰქონდათ დაფიქსირებული.

ჭავჭანიძის თქმით, ცხოველებთან ერთად ადამიანის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება ცხოველებზე ზრუნვის გამართლებით ადამიანებზე ძალადობა და ბულინგი. „ეს ბიჭი ძაღლების მხარეს რომ არ ყოფილიყო, დასაჭერად სდომოდა ის ცხოველები, აქციაზეც არ მივიდოდა. დღევანდელ აქციაზე კი მას საშინლად მოეცნენ“, - ამბობს თინათინ ჭავჭანიძე „ლიბერალთან“.

„თუ ადამიანი არ გიყვარს, არც არაფერი გიყვარს სხვა, ძაღლი კი მხოლოდ მისი უპირობო მორჩილებისთვის გინდა“, - დასძენს ჭავჭანიძე. მისი თქმით, არც ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაა საგანგაშო, რის გამოც დელისზე აქცია გაიმართა, რადგან იქ მოხვედრა ცხოველების სიკვდილს არ ნიშნავს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მათ თავშესაფარში სამი ძაღლი გადაიყვანეს. იქ მათი ქცევის კორექციაზე კვალიფიციური კინოლოგები იმუშავებენ.

„23 ივნისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, თამარაშვილის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთასთან, მოქალაქეს თავს დაესხა ექვსი ძაღლი. მხოლოდ ივნისში, ამავე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაკბენის ორი ფაქტი და მოქალაქეთა ათობით განცხადება ცხოველების აგრესიასთან დაკავშირებით.

მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოველთა დაცვის მიზნით, სააგენტოს მაშველებმა სამი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათი ქცევის კორექციაზე კვალიფიციური კინოლოგები იმუშავებენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი თავშესაფარი იზრუნებს აღნიშნული ძაღლების გაჩუქებაზე ან მათ ბუნებრივ არეალში გაშვებაზე. გადაწყვეტილების მიღება მოხდება თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად“, - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^