Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორპუსები მოედნის ნაცვლად - რაში გაუცვალა „ჯიქმა" ბიზნესმენს ნაკვეთი

28 ივნისი, 2018 19:02

ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაგბის მოედნის ნაცვლად, შესაძლოა, კორპუსები აშენდეს. საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს კორუფციული გარიგების შედეგია.

ეს ტერიტორია მორაგბეთა გუნდმა „ჯიქმა“ ერთ-ერთ ბიზნესმენს ლისის ტბის მიმდებარე ნაკვეთში გაუცვალა, სადაც ნაკვეთის ნაწილი გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა.

თავად გუნდმა „ჯიქმა" კი ეს ნაკვეთი ნუცუბიძეზე რაგბის კავშირისგან საჩუქრად მიიღო. 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ლისის ტბაზე „ჯიქს“ არც რაგბის მოედნის მოწყობის ვალდებულება გაჰყვა, რაც ნუცუბიძის მიმდებარედ ჰქონდა.

თავდაპირველად, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რაგბის მოედნის გაკეთება თბილისის მერიამ დაგეგმა. ამისთვის მუნიციპალიტეტმა მიწის ნაკვეთი საქართველოს რაგბის კავშირს, შესაბამისი ვალდებულებით, 1 ლარად გადასცა. 2011 წლის 8 აპრილს რაგბის კავშირმა აიღო ვალდებულება, რომ ამ ტერიტორიაზე 2011 წლის 5 ოქტომბრამდე მოაწყობდა სარაგბო მოედანს.

2015 წლის 8 აპრილს რაგბის კავშირმა მერიას მიმართა და მოსთხოვა მიწის ნაკვეთს მოხსნოდა ვალდებულება, ყოფილიყო რაგბის მოედანი. მალევე, 30 აპრილს კი ეს ტერიტორია მორაგბეთა გუნდ „ჯიქს“ გადასცა.

2015 წლის ოქტომბერში მორაგბეთა კლუბმა რაგბის კავშირის მიერ გადაცემული ნაკვეთი ერთ-ერთ ბიზნესმენს, სანდრო ცხადაძეს გაუცვალა. „ჯიქმა“ ლისის ტბის მიმდებარე ნაკვეთი მიიღო, ცხადაძემ კი ტერიტორია, რომელზეც რაგბის მოედანი უნდა მოწყობილიყო.

ახლა ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ სანდრო ცხადაძე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. 

საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის აზრით, ნაკვეთის გარშემო კორუფციული გარიგება შედგა. მისი თქმით, რაგბის კავშირმა ამ ნაკვეთს ვალდებულება მოუხსნა, რათა შემდეგ მისი სტატუსი შეეცვალა და მშენებლობა დაეწყო. ლისის ტბასთან „ჯიქისთვის“ მიცემული ნაკვეთი კი რამდენიმე ნაწილად დაიყო, ხოლო ერთ-ერთი ნაწილი კლუბის გამგეობის წევრის, კახა ალანიას პირად საკუთრებაში აღმოჩნდა.

„ასე რომ, სარაგბო მოედნის ნაცვლად ქალაქში ახალი კორპუსები მივიღეთ, ხოლო გადაცვლილი ნაკვეთის ნაწილი ლისის ტბაზე „ჯიქის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს დარჩა.

სახელმწიფო ქონების ნაწილი კონკრეტულმა პირმა საკუთარ თავზე დაირეგისტრირა. ეს არის კორუფციული სქემა, რომელიც დაიწყო ნარმანიას პირობებში და გაგრძელდა კალაძის დროსაც“, - ამბობს ხაბეიშვილი. 

საკრებულოს წევრის თქმით, ნუცუბიძის ქუჩაზე მოედნის გაკეთება სანდრო ცხადაძის ბიზნეს ინტერესებს შეეწირა. სანდრო ცხადაძე „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი მეწილის ზაურ ცხადაძის შვილია. ზაურ ცხადაძემ კი 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა.

„გამოძიება უნდა დაინტერესდეს რა გარიგება მოხდა. სხვანაირად არ მესმის, რაგბის კავშირი ან „ჯიქი“ მოედანზე კორპუსის მშენებლობას ითხოვდეს.

მხოლოდ გაცვლის შემდეგ მივხვდით, რომ ამის უკან ბიზნეს ინტერესები იდგა. იყო სანდრო ცხადაძის ინტერესები, რომლის მამაც არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი 180 000 ლარით და აქედან 120 000 ლარი შესწირა უშუალოდ კალაძის კამპანიას, რაც დოკუმენტაციითაც დასტურდება“, - ჰყვება „ლიბერალთან“ ლევან ხაბეიშვილი.

ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა მერიას ჯერჯერობით არ გაუცია. თუმცა, როგორც ხაბეიშვილი ამბობს, არსებობს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შუალედური დასკვნა და ერთადერთი, რაც მშენებლობას ჯერჯერობით აფერხებს კორპუსებთან მისასვლელი გზის პრობლემაა.

„ერთადერთი რამის გამო დაუხარვეზა მერიამ აქ მშენებლობა - გვიჩვენეთ, საიდან იქნება გზაო, სხვა არანაირი პრეტენზია და შენიშვნა მერიას არ აქვს“, - ჰყვება საკრებულოს წევრი.

კლუბ „ჯიქის“ გამგეობის თავმჯდომარე იოსებ მიაუსრაძე კი ამბობს, რომ ეს გარიგება მათთვის სასარგებლო იყო.

მაისურაძის თქმით, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია სულ 6 000 კვ.მ. იყო, ლისის ტბასთან კი 40 000 კვ.მ.-ზე მეტი მიიღეს. შესაბამისად, თუ ძველ ადგილას მხოლოდ საბავშვო მოედნის მოწყობა შეიძლებოდა, აქ ფულის მოძიების შემდეგ დიდ მოედანს და დამხმარე ინფრასტრუქტურასაც გააკეთებენ.

„სარაგბო მოედნის მოწყობას, მისი ზომებიდან გამომდინარე, სჭირდება მინიმუმ 10 000, 12 000 კვ. მეტრი. ამიტომ მისი ნუცუბიძეზე გაკეთება შეუძლებელი იყო“, - ამბობს მაისურაძე „ლიბერალთან“.

რაც შეეხება „ჯიქის“ ნაკვეთის ნაწილის კახა ალანიასთვის გადაცემას, იოსებ მაისურაძე ამტკიცებს, რომ ის ნაკვეთი „ჯიქსა“ და სანდრო ცხადაძეს შორის მოლაპარაკებაში არ ყოფილა. 4 000 კვ. მეტრამდე მიწის ნაკვეთი ალანიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა.

„კახაბერ ალანიამ მერე იქ თავისთვის შეიძინა მიმდებარედ, ის არის მისი ნაკვეთი და „ჯიქთან“ რა შუაშია?! იქ სხვებსაც აქვთ მიწის ნაკვეთები.

ჩვენ საკმაოდ ამბიციური კლუბი ვართ და ჩვენი სტადიონი გვინდა. ვცდილობთ ახლა ისეთი ინვესტორი ვნახოთ, რომელიც სტადიონს გაგვიკეთებს. იქ იყო ბავშვებისთვის, მაგით დავიწყეთ და ღვთის მადლით მოხდა ისე, რომ ეს პატარა ნაკვეთი ამხელა ტერიტორიაში გავცვალეთ“, - განმარტავს იოსებ მაისურაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^