Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არა ფობიას“: საზმაუს სპორტულმა კომენტატორებმა ქსენოფობიური განცხადებები გააკეთეს

29 ივნისი, 2018 18:48

პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორებმა ეთერში ქსენოფობიური და რასისტული განცხადებები გააკეთეს.

არასამთვრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომენტატორებმა გიგა გვენცაძემ და დავით ბანანაშვილმა 22 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას ყურადღება ფეხბურთელების რასობრივ წარმომავლობაზე გაამახვილეს.

არასამთვრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს კომენტატორებს, თავი აარიდონ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებას:

„გიგა გვენცაძე: და შვეიცარიის ნარკებში, წმინდასისხლიანი შვეიცარიელი ძალიან ცოტაა, ვინც ძირითად ნარკებში თამაშობს. მეკარის ნომერზე თუ ვიტყვით ამას და რამდენიმე მოთამაშეზე“.

დავით ბანანაშვილი: „შანჟირი, ბაკა, ჯეჰრამი, ჯემაილი, ნახევარი გუნდი შვეციარიის ნაკრების წარმოშობით ალბანელები არიან“.

გიგა გვენცაძე: „არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისიხლის შვეიცარიელი, ესპანელ ჩილელი, აკანჟი ნიგერიელია“.

ფეხბურთელთა რასობრივი კუთვნილების მიხედვით დაყოფა და პიროვნების დახასიათება ბიოლოგიური წარმომავლობის ნიშნით („სუფთა (წმინდა) სისხლის") ქსენოფობური და რასისტული განწყობების მატარებელია.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“.

მოცემულ შემთხვევაში კომენტატორებმა მოახდინეს ფეხბურთელების ისეთ თვისებაზე ხაზგასმა, როგორიცაა მათი ეთნიკური კუთვნილება. პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობდა ეთნიკურ კუთვნილებაზე განსაკუთრებული ხაზგასმის აუცილებლობა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია მაუწყებელთა შესახებ კანონის 56-ე მუხლი.

მოვუწოდებთ სპორტულ ჟურნალისტებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს გაითვალისწინონ კანონმდებლობით და მაუწყებლობელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტობას, რასის,  ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების ეთნიკური, გეოგრაფიული  ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ:

მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), BBSA-საქართველო, საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), თანასწორობის მოძრაობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილი ამ განცხადებას ცილისწამებად აფასებს. მისი თქმით, კომენტატორების მიერ ეროვნებების დასახელებას თავისი კონტექსტი ჰქონდა და რასისტული მიზნით არ მომხდარა.

„პირველ რიგში, საერთოდ არასწორად არის ციტატები მოყვანილი. რაც ვითომ ბრჭყალებში აქვთ ჩასმული, სინამდვილეში ეგრე არ იყო ნათქვამი. ასეთი ცილისწამება და ამხელა სიცრუე ნამდვილად არ ეკადრება ასეთ ორგანიზაციებს.

თვითონ იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ შვეიცარიის ნაკრებში წარმოშობით ალბანელი ფეხბურთელები თამაშობენ, დისკრიმინაციაა?! ჯაკამ და შაჩირიმ შვეიცარიის მაისურით გოლები გაიტანეს და აღნიშვნის დროს ხელებით ალბანური არწივი გამოსახეს. ეს არ უნდა ახსნას კომენტატორმა? კონტექსტს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა? სად დაინახეს აქ რასიზმი ან რაიმე სახის დისკრიმინაცია?“ - წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^