„ჭუბერში სტიქია მძვინვარებს. ადიდდა მდინარე ნენსკრა და წამოვიდა წყლის დიდი მასა. ხეები, მორები ყველაფერი მოჰქონდა. სახლები დაიტბორა. სახლები არის დატბორილი, ხიდები წაღებული. ინსფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია. მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ყველანი აქ არიან. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ცენტრში მოვახდინეთ ევაკუაცია. იმ სახლებიდან, რომლებიც ახლა დატბორილია, მოვასწარით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გამოყვანა. გუშინ ძლიერი წვიმა იყო, დაიტბორა ნენსკრა და წამოიღო დიდი მასა. წყალი არ მატულობს. სამწუხაროდ, აი ამ მდინარეზე აპირებენ ნესკრას აშენებას", - განუცხადა „ლიბერალს" ჭუბერში მცხოვრებმა ზაზა ვიბლიანმა, რომელიც ასევე საკრებულოს დეპუტატია.
ის ამ წუთებში სტიქიის ზონაში იმყოფება. მისი თქმით, წყლის მასა არ კლებულობს და სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურა მოშლილია.
მესტიის რაიონში, ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესი შენდება, მთის ნაწილი ჩამოიშალა. ღვარცოფის შედეგად ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორიალია მიმდებარე ტერიტორია. ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოში ამბობენ, მსხვერპლის და დატბორილი სახლების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ შესულა, თუმცა, აგრძელებენ მუშაობას და მდინარის კალაპოტს ამოწმებენ.
უწყების ცნობით, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.
ფოტო: ხატია მიქიანი