Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოჯახის დაგეგმვა ადამიანის უფლებაა“ - UNFPA მსოფლიო მოსახლეობის დღეს აღნიშნავს

11 ივლისი, 2018 13:00

11 ივლისს, გაერო-ის მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მსოფლიო მოსახლეობის დღეს აღნიშნავს, რომლის თემაც წელს არის „ოჯახის დაგეგმვა ადამიანის უფლებაა“. ორმოცდაათი წლის წინ, 1968 წლის 13 მაისს, თეირანში, ადამიანის უფლებების შესახებ გაერო-ის საერთაშორისო კონფერენციაზე,მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ „მშობლებს გააჩნიათ ადამიანის ფუნდამენტური უფლება თავისუფლად და პასუხისმგებლობით განსაზღვრონ, რამდენი შვილი იყოლიონ და როდის“, - აცხადებენ გაერო-ის მოსახლეობის ფონდში. 

„ოჯახის დაგეგმვა არამხოლოდ ადამიანის უფლებების საკითხია, არამედ ის საკვანძოა ქალთა გაძლიერების, სიღარიბის შემცირების და მდგრადი განვითარების მიღწევის კუთხითაც.

მიუხედავად ამისა, განვითარებად ქვეყნებში 214 მილიონ ქალს ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე, ინფორმაციის ან მომსახურებების ნაკლებობისა და პარტნიორებისა და თემების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს მათ შესაძლებლობას შექმნან უკეთესი მომავალი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. 

UNFPA განვითარებად ქვეყნებში მხარს უჭერს ოჯახის დაგეგმვას თანამედროვე კონტრაცეპციის სრული სპექტრის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფით, ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებით და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით.

„UNFPA მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყნების ძალისხმევას, დაიცვან ადამიანების, განსაკუთრებით, ქალების უფლება დაგეგმონ თავისი ოჯახი. ჩვენ ვცდილობთ, 2030 წლისთვის განვითარებად ქვეყნებში სრულად უზრუნველვყოთ ხელმისაწვდომობა ოჯახის ნებაყოფლობითი დაგეგმვის მომსახურებაზე და, ამგვარად, დავასრულოთ ამ მომსახურების დაუკმაყოფილებელი საჭიროება. მაგრამ ამას ჩვენ მარტო ვერ შევძლებთ. დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია მთავრობების, პარლამენტარების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა

როგორც პირველი ნაბიჯი, განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ აღმოფხვრან ოჯახის დაგეგმვის დაფინანსებაში გლობალურად არსებული დეფიციტი მხოლოდ 20 ცენტის გამოყოფით თითო ადამიანზე წელიწადში. ოჯახების, საზოგადოებისა და ერებისათვის მოსალოდნელი სარგებლის გათვალისწინებით, ეს მსოფლიოს მომავლისთვის სტრატეგიული და ქმედითი ინვესტიცია იქნება“.

მსოფლიო მოსახლეობის დღესთან დაკავშირებით, გაერო-ის მოსახლეობის ფონდი მოუწოდებს მთავრობებს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყონ უნივერსალური ხელმისაწვდომობა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანდაცვასა და რეპროდუქციულ უფლებებზე, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის მომსახურებასა და ინფორმაციაზე, სწორედ ისე, როგორც ეს 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში შეთანხმდა. „ოჯახის დაგეგმვაში ინვესტირება დღეს ნიშნავს ინვესტირებას მომავალი თაობის მილიონობით ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში“, - აცხადებენ გაერო-ის მოსახლეობის ფონდში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^