Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ფაქტები" - სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე

12 ივლისი, 2018 11:51

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ხორავას საქმის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. ომბუდსმენის თქმით, მან  შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

„სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად“

ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი.

საქმის მასალების საფუძვლიანად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვები. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რომელიც სხვა პირების და მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ  ჩაატარა. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია კერძოდ რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი:

გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა:

  1. არ იქნა დოკუმენტირებული ფარდულის ზუსტი პარამეტრები, რასაც შემდგომში ფარდულის დემონტაჟი მოჰყვა. ამ გარემოებამ ხელი შეუშალა შემთხვევის ადგილის, როგორც მტკიცებულების შენარჩუნებას;
  2. არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მ.კ.–ს ტანსაცმელი; გამოძიებას არც ტანსაცმლის მოპოვების მცდელობა – სახლის ჩხრეკა ჩაუტარებია; [2]
  3. არ იქნა აღებული მ.კ.–ს ფრჩხილის ნიმუშები;[3]
  4. არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;[4]
  5. არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;[5]
  6. არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება: ჩხუბის მონაწილეების – მ.კ.–ს, დ.ღ.–ს და თ.ნ.–ს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა[6];
  7. არ იქნა მყისიერად მოპოვებული და შესწავლილი ტელეფონები და ტელეფონებით განხორციელებული კომუნიკაცია  იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია როგორც ერთმანეთში, ისე გარეშე პირებთან (გ.მ., ა.დ., ა.ს., თ.ჩ., დ.ღ., ლ.კ., თ.კ., მ.ს., მ.ს.–ს მეუღლე);
  8. გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.;
  9. გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.–ს მეუღლე თ.კ. და მეუღლის და ლ.კ.;
  10. გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა მყისიერად შესწავლილი-დათვალიერებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (მხოლოდ შენახვის შესახებ გაფრთხილება იქნა მიცემული);
  11. არ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა ფარდულში მყოფი ყველა პირის როლის, განლაგების და მოქმედებათა ქრონოლოგიის დეტალური დაზუსტებისთვის;
  12. გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე  დ.ღ. –  იგი მხოლოდ 13 დღის შემდეგ დაიკითხა;
  13. გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ. –  იგი მხოლოდ 15 დღის შემდეგ დაიკითხა;
  14. გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზურგში მიღებული დაზიანებისთვის გ.მ.–ს ექსპერტიზა დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაინიშნა;
  15. არ დაიწყო და წარიმართა გამოძიება გ.მ.–ს სხეულის დაზიანების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერს  გამოძიებამ იცოდა დაზიანების შესახებ  და იმ დროისთვის უკვე არსებული საქმის მასალებით ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციაც გონივრულად შესაძლებელი იყო;
  16. არ ჩატარდა ფარული მიყურადება მ.ს-ს, მისი მეუღლის, დანაშაულის ინციდენტში მონაწილე პირების: ა.ს.–ს, მ.კ.–ს, გ.მ.–ს, დ.ღ.–ს, გ.ი.–ს, თ.ნ.–ი და ა.ს.–ს მიმართ.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ცალკეული დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ან/და მოვალეობების შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია განიხილოს სახალხო დამცველის წინადადება და განხილვის შედეგები სახალხო დამცველს აცნობოს 20 დღის ვადაში,-ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში. 

იხილეთ  ვრცლად განცხადება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^