Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არქიტექტორ-რესტავრატორი: აწყურის ეკლესიაზე სამუშაოები საგანგაშო დარღვევებით მიმდინარეობს

13 ივლისი, 2018 14:40

აწყურის ეკლესიაზე, რომელიც XI- XIV  საუკუნეებს განეკუთვნება, სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძეგლის პასპორტში მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დანგრეული - ნაგებობის ¾ განადგურებულია.  ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები 2019 წლის 20 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთური მისრიაშვილი პროექტის ავტორია. ამბობს, რომ არქიტექტურული ზედამხედველობისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ მისი რჩევები არ გაითვალისწინა შემსრულებელმა კომპანიამ და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ანთიძემ. არქიტექტორ-რესტავრატორის შეფასებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საგანგაშო დარღვევებითა და ვანდალიზმით მიმდინარეობს.

გთავაზობთ არქიტექტორ-რესტავრატორის განცხადებას სრულად:

„2016 წლის აპრილიდან დაწყებულია აწყურის ღმრთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს საგანგაშო დარღვევებითა და ვანდალიზმის ფაქტებით.

სამწუხაროდ და ძეგლის საზიანოდ, ჩემი, როგორც პროექტის ავტორისა და არქიტექტურული ზედამხედველის რჩევები და რეკომენდაციები ძეგლის სარეაბილიაციო სამუშოების პროცესში არ გაითვალისწინა არც შემსრულებელმა კომპანიამ და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა. უგულებელყოფილი იყო ჩემი რეგულარული ანგარიშები, სადაც ასახულია ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მძიმე დარღვევები, რომელიც საჭიროებდა მყისიერ რეაგირებას. ამ ანგარიშებში ასახულ პრობლემატიკას პუნქტების სახით საჯაროდ ვაქვეყნებ:

1. შემსრულებელი სამშენებლო კომპანიის შერჩევა უნდა მომხდარიყო საპროექტო ჯგუფისა და კომპეტენტური პირების აზრის გათვალისწინებით (არქიტექტურული ძეგლის მნიშვნელოვანებისა და სირთულიდან გამომდინარე), რაც არ მოხდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს გენერალური დირექტორის ბატონი ნ. ანთიძის მხარდაჭერით ჩაბარდა კომპანია ,,ივერთმშენს“, რომელმაც ვერ ითანამშრომლა საპროექტო ჯგუფთან.

2. ფიზიკური სამუშაოების დაწყებისთანავე პროექტის კონსტრუქტორთა ჯგუფს, რომელიც მზად იყო გაეწია ძეგლზე საავტორო საზედამხედველო სამუშაოები კომპანია ,,ივერთმშენის“ ხელმძღვანელი დაუპირისპირდა და ჩაანაცვლა თავისი წარმომადგენლით, რომელიც ვერ აკორექტირებდა სამუშაოების პროცესში ძირითადი კონსტრუქციული პროექტის რიგ პრობლემურ კვანძებს.

3. საავტორო არქიტექტურულ ზედამხედველობას გარკვეული პერიოდი ვასრულებდი ა(ა)იპ არქიტექტურული აზრის განვითარება „ერდოს“ არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი. რესტავრაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების კვალიფიციურად განსახორციელებლად უშუალოდ ვმონაწილეობდი ფიზიკურ სამუშაოებში (ბურჯების მარკირება და დაშლა-აწყობა). ჩემი მოთხოვნა იყო, რომ კომპანია „ივერთმშენის“ ხელმძღვანელს შეეცვალა ბურჯების პნევმატური ჩაქუჩით არაპროფესიონალურად გადამუშავებული ქვები, რაც არ სრულდებოდა კატეგორიულად. მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენლის მოთხოვნის შემდგომ გახდა კომპანია იძულებული მოეხდინა სვეტებისა და ბურჯების ქვების დემონტაჟი.

4. სვეტებისა და ბურჯების ადგილზე ზუსტად დასასმელად საჭირო იყო ტრიანგულაციის პრინციპით AutoCad პროგრამაში შესრულებული გეგმიდან მათი სიზუსტით გადმოტანა-გადამოწმება, რაც არ შესრულდა.

5. ჩემი მოთხოვნის მიხედვით, კირის ჩასაქრობად უნდა დამზადებულიყო რკინის მარტივად გადასაადგილებელი წყალგაუმტარი რეზერვუარები, მაგრამ ადგილზე დამხვდა ტაძრის ჩრდილოეთ ფასადთან მიწაში მოწყობილი ბეტონის ორმო, რომლიდანაც კირიანი წყალი გაედინებოდა მიწაში (სავარაუდოდ, არქეოლოგიურ ფენებში). კირის ჩაქრობა ამ ფორმით არქიტექტურულ ძეგლთან და არქეოლოგიურ უბანთან ახლოს დაუშვებელია. ამასთან ერთად, ორმოს ამოღება არ იყო შეთანხმებული არც პროექტის ავტორთან და არც არქეოლოგთან. საგანგებოდაა აღსანიშნავი ის, რომ ტაძრის რესტავრაციისას რიგ ადგილებში დუღაბად გამოიყენება კირ-ცემენტი, რომელიც, საერთაშორისო ქარტიების თანახმად, საერთოდ აკრძალულია.

ფოტო ►როგორი იქნება აწყურის XI-XIV საუკუნის ეკლესია რეაბილიტაციის შემდეგ

6. პროექტირების პროცესში ჩემს მიერ მარკირებულ და აზომილ იქნა სოფლის გაღმა (მტკვრის მეორე ნაპირთან) გატანილი ტაძრის კუთვნილი 4000-მდე ქვა, რომელიც Excel-ის პროგრამაში განთავსდა. ნოუთბუქის გამოყენებით შესაძლებელია ადგილზე (ძეგლზე) სწრაფად მოვიძიოთ, ეტაპობრივად გადავიტანოთ და მოვათავსოთ ქვები ტაძრის წყობაში (მოძებნა შესაძლებელია: მდებარეობის, მარკირების ფერის, ტიპის, მარკირებული ქვის ნომრის, ქვის კლასიფიკაციის, ვარგისიანობის, ქვის გაბარიტული ზომების, ფოტოს, შაბლონისა და ცალ-ცალკე გაბარიტული ზომების მიხედვით). ამგვარად, საჭირო ქვების მოსაძებნად აუცილებელია კომპიუტერული უნარებისა და უშუალოდ Excel-ის პროგრამის მცოდნე სპეციალისტი ადგილზე. ამ პროგრამის დახმარებით ჩვენ ავიცილებდით ქვების ქაოტურ გადატანას სარესტავრაციო უბანზე და მათ დამატებით დაზიანებას. სამწუხაროდ, არ მოხდა ტაძრის ავთენტური ქვების გამოყენება რეაბილიტაციის პროცესში, რომელთა 90% ისევ ტაძრისგან მოშორებით არის დატოვებული და ვეღარ იქნება დაბრუნებული თავდაპირველ ადგილებზე, ვინაიდან ტაძრის კორპუსის უდიდესი ნაწილი უკვე ამოშენებულია ახალი ქვებით.

7. მეთოდურად სრულებით გაუმართლებელია ტაძრის სარკმლების ახლადშექმნილი ჩუქურთმებიანი საპირეების დამონტაჟება, მაშინ როდესაც გამოუყენებელია ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტული ავთენტური ორნამენტული ქვები. ასევე გამოუყენებლად ყრია მარკირებული ბურჯის ქვები, რომლის სანაცვლოდ თლიან ახალს.

მიუხედავად, ჩემი მრავალი ოფიციალური ანგარიშისა და პირად შეხვედრებში გამოთქმული რჩევებისა თუ შენიშვნებისა, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოში, ისე კომპანიის წარმომადგენლებთან, სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავაც დიდი დარღვევებით სრულდება. ეს პრობლემები კი საპროექტო ჯგუფის იმთავითვე იგნორირებამ გამოიწვია“, - წერს გოგოთური მისრიაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ დეტალურ პასუხს მოგვიანებით გასცემენ. 

„ლიბერალი“ ჯერ კიდევ იანვარში დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობდა აწყურის XI- XIV საუკუნეების ეკლესიაზე სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაუკავშირდა არაერთ სპეციალისტსაც, პროექტის შესაფასებლად, თუმცა მათ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^