ოპოზიციურმა პარტიებმა მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დააფუძნეს. გაერთიანებულ პარტიებს შეუერთდა, ასევე „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. მას წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.
ეს პარტიებია:
- „ნაციონალური მოძრაობა"
- გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო"
- ნიკოლოზ ვაშაკიძის „ახალი საქართველოსთვის"
- ნიკა მაჭუტაძის „სახელმწიფო ხალხისთვის"
- ედპ
- შოთა მალაშხიას „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"
- პაატა დავითაიას „ევროპელი დემოკრატები"
- ზურაბ ხარატიშვილის „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის"
- მამუკა გამყრელიძის „საქართველო ლიდერთა შორის“
- „ემსახურე საქართველოს“
10 გაერთიანებული ოპოზიციური პარტია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს ხვალ დაასახელებს.
„ჩვენ გვეყოლება ყველაზე მაგარი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც არის თავისი ცოდნით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებით მართლაც ღირსეული, იმისთვის რომ დაამშვენოს საქართველო და რაც მთავარია, თავი მიუძღვნას ქვეყანას. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარი გუნდის ფორმირებას, რომელიც მზად იქნება ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს იქნება პროფესიონალების გუნდი, მაღალი ღირებულებებით და მაღალი სტანდარტებით", - თქვა გიორგი ვაშაძემ „რუსთავი 2-თან“.
პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დატოვა „ქართული ოცნება“, მისი თქმით, ხელისუფლებამ უმუშევრობა და სიღარიბე ვერ დაძლია, რის გამოც აუცილებელია ცვლილება და სწრაფი განვითარება.
„ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა და მიმაჩნია, რომ ქვეყანა არის გაჩერებული, სიღარიბემ მოიმატა, ადამიანების დიდი რაოდენობა ტოვებს სამშობლოს, პერსპექტივა არ ჩანს და ამიტომ აუცილებელია ცვლილება და სწრაფი განვითარება. თუ ახლა თქვენ მეტყვით, რომ მე უნდა ვიძახო 9 წელი, ამის ძახილით ვერც სიღარიბე დაძლია „ქართულმა ოცნებამ“, ვერც უმუშევრობა და ვერც ქვეყნის ეკონომიკა გამოასწორა, და რაც მთავარია, მან არ შეცვალა ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ჩვენს დავპირდით მოსახლეობას 2012 წელს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.