ჰელსინკში აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა დასრულდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. დონალდ ტრამპის შეფასებით, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მათ ჰქონდათ ღია, კონსტრუქციული დიალოგი.
დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.
„ბატონმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არ იყო რუსეთი და მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა ვიფიქრო, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე ეს ახლა არის. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აუცილებლად შეიცვლება.
ვლადიმირ პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთი არასდროს ჩარეულა აშშ-ის შიდა პოლიტიკაში, არჩევნების ჩათვლით და არ აპირებს, ჩაერიოს. ვლადიმირ პუტინის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტსა და მას შორის შეხვედრა იყო „გულწრფელი და სასარგებლო“. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ამჯერად რთულია და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ქვეყნებს შორის უკეთესი ურთიერთობა დაიწყება.
ფოტო: CNN