Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამერიკელი კანონმდებლები სამიტს აფასებენ

17 ივლისი, 2018 19:00

ამერიკის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები შოკირებულნი არიან იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ დაუჭირა მხარი ამერიკის დაზვერვის სამსახურების მიგნებებსა და შეფასებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან ჰელსინკიში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო არჩევნებში მოსკოვის ჩარევა.

პრესკონფერენციაზე მან რუსეთის ჩარევის შესახებ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც უკვე 14 თვეა მიმდინარეობს და რომელსაც რობერტ მალერი უძღვება, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „კატასტროფა“ უწოდა.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც ძირითადად პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია, ამბობს, რომ პრეზიდენტმა ხელიდან გაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ მტკიცედ ეთქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2016 წლის არჩევნებში ჩარევაზე, და გაევრცელებინა მკაცრი და მკაფიო გზავნილი იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში არ განმეორდეს. „პრეზიდენტის ეს პასუხი რუსეთის მხრიდან აღიქმება როგორც სისუსტე და შექმნის იმაზე მეტ პრობლემას, ვიდრე - გადაჭრის“.

კიდევ ერთი რესპუბლიკელი აკრიტიკებს პრეზიდენტს კიდევ უფრო მწვავედ. სენატორი მაკკეინი ამბობს: „დღევანდელი პრესკონფერენცია ჰელსინკიში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ქმედება ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რაც კი გვახსოვს. ძნელი დასათვლელია ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია პრეზიდენტის გულუბრყვილობით, ეგოიზმით, ყალბი თანასწორობით და ავტოკრატების მიმართ სიმპათიით“, - ამბობს მაკკეინი.

პოლ რაიანი კი, ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერი, ამბობს, რომ ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩაერია და აგრძელებს ამერიკაშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევას.

„არ არსებობს მორალური თანასწორობა ამერიკასა და რუსეთს შორის, რომელიც კვლავ მტრულადაა განწყობილი ჩვენთვის არსებითი ღირებულებებისა და იდეალების მიმართ“, - დასძინა პოლ რაიანმა.

არიზონელი სენატორი ჯეფ ფლეიკი კი, რომელიც პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს, ამბობს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები „სამარცხვინო“ იყო.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვნახავდი, როგორ დგას ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის გვერდით და რუსეთის აგრესიაში ამერიკას ადანაშაულებს. ეს სამარცხვინოა.“

სამიტი შეაფასა რესპუბლიკელმა კონგრესმენა ადამ კინზინგერმაც, რომელიც ილინოისის შტატს წარმოადგენს. მისი თქმით, ამერიკელი ხალხი სიმართლეს იმსახურებს და გარდა იმისა, რომ ამ განცხადებით პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის დაზვერვის სამსახურების საქმიანობა, ეს ასევე იყო საზიანო იმ სამხედროებისთვის, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება. „გაღვიძების და რეალობისთვის თვალის გასწორების დროა. პუტინი არ არის ჩვენი მეგობარი. ის ჩვენი თავისუფლების მტერია“.

ტრამპის კომენტარებით უკმაყოფილონი არიან დემოკრატი კანონმდებლებიც. სენატორი მარკ უორნერი ვირჯინიის შტატიდან სენატის სწორედ იმ კომიტეტის წევრია, რომელმაც ქვეყნის დაზვერვის სამსახურებთან ერთად დაადგინა, რომ რუსეთი ჩაერია ამერიკის არჩევნებში კანდიდატ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ და ჰილარი კლინტონის საზიანოდ. „ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან პუტინის მხარდაჭერა საკუთარი დაზვერვის სამსახურების შეფასების საწინაღმდეგოდ და ამერიკის დადანაშაულება რუსეთის მიერ ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმაში - სრული სირცხვილია“.

სენატორი ელიზაბეტ უორენი კი, რომელსაც 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტ ტრამპის პოტენციურ ოპონენტად მოიაზრებენ, ამბობს, რომ პრეზიდენტმა ამერიკა საერთაშორისო მასშტაბით შეარცხვინა.

"ტრამპმა საერთასორისო სცენაზე შეარცხვინა ამერიკა, შეასუსტა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი კავშირები და დიქტატორს დაუჭირა მხარი. რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში და თავს დაესხა ჩვენს დემოკრატიას. პუტინმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, და არა პირიქით - დაჯილდოვდეს ამის გამო. ეს სამარცხვინოა", - ამბობს სენატორი.

სენატორი ტიმ კეინი კი ამბობს, რომ ეს იყო "სამწუხარო და სამარცხვინო მომენტი დიდი ქვეყნისთვის".

დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა არ მოისურვა ვლადიმირ პუტინს წინ აღდგომოდა და ეღიარებინა, რომ კრემლი ჩაერია ამერიკის არჩევნებში. "მან ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა. ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია", - ამბობს დემოკრატი სენატორი ბილ ნელსონი.

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ დღეს ჰელსინკიში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ კი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მასალა მოამზადა „ამერიკის ხმამ“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^