ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პარლამენტს ტყიბულთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ.
კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში, შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში სიკვდილისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევას. ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხს.
არასამთავრობოების მოთხოვნაა, საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობა განსაკუთრებულად ცხადია ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებთან მიმართებით. არც ერთ შემთხვევაზე, ამ დრომდე, გამოძიებას არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, უფლებების და ინტერესების დაცვის სფეროში სისხლის სამართლის პოლიტიკის აშკარა ინდიფერენტულობა და უსამართლობა, სამართალდაცვით პოლიტიკაში სოციალური იერარქიების ღრმა პრობლემაზე მიუთითებს და სოციალურად გარიყული ჯგუფებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არსებითად ასუსტებს. ტყიბულში არსებული სოციალური კატასტროფის მასშტაბის, ადგილობრივების სოციალური სასოწარკვეთისა და უიმედობის გათვალისწინებით, არსებითია პარლამენტმა გაიაზროს საკითხის მწვავე საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მის ხელთ არსებული სამართლებრივი თუ პოლიტიკური ინსტრუმენტები ეფექტიანად გამოყენოს ამ პროცესში.
2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან, სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით, 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ღია საზოგადოების ფონდი;
სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი;
ახალგაზრდა სოციალისტები;
თანასწორობის მოძრაობა;
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი;
კავკასიური სახლი.