Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ნიშნავს, მარიხუანის „მოხმარება არ ისჯება“

02 აგვისტო, 2018 16:31

„გირჩის" ლიდერების საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებაზე ამიერიდან არანაირი სანქცია აღარ გავრცელდება.

ამ გადაწყვეტილებამდე მარიხუანის მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა და  500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან 1-დან 6 თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა.

ბევრმა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანის ლეგალიზაციად მიიჩნია. მათ ჰგონიათ, რომ ამიერიდან მარიხუანის მოწევა თავისუფლად შეეძლებათ და არანაირი სანქცია არ დაემუქრებათ.

თუმცა იურისტების განმარტებით, საქმე არც ისე მარტივადაა (ზოგიერთისთვის რთულად), როგორც ეს სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის (EMC) იურისტის, სოფო ვერძეულის განმარტებით, საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მხოლოდ ის, რომ ორგანიზმში მარიხუანის მოხმარების კვალის აღმოჩენა აღარ დაისჯება.

„ამიერიდან ვისაც აღმოაჩნდება ორგანიზმში მარიხუანის მოხმარების კვალი (შარდის ანალიზის შემდეგ), ისინი არ დაისჯებიან ადმინისტრაციული წესით... ამ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია მარიხუანის ფლობის ან მოპოვების სხვა ფორმების კონსტიტუციურობაზე, შესაბამისად [დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამ კუთხით კვლავ ძალაშია]“, - უთხრა „ლიბერალს" ვერძეულმა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის ბექა წიქარიშვილის თქმითაც, საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ეხებოდა მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც თუ პირს გადაიყვანენ ნაკოლოგიურ დაწესებულებაში და დაუდგინდება ორგანიზმში მარიხუანის მოხმარების კვალი, ამის გამო აღარ დაისაჯონ.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ბოლომდე [მოხმარების] ლეგალიზებაა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია გავიდეთ ერთად, მოვწიოთ მარიხუანა საჯარო სივრცეში, შევაბოლოთ პატრულს და ა.შ. [საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების] ასე  წაკითხვა არასწორია...“, - ამბობს წიქარიშვილი.

EMC-ის იურისტის, სოფო ვერძეულის განმარტებით, მარიხუანის ლეგალიზება პირველ რიგში სამოქალაქო ბრუნვაში ნარკოტიკის დაბრუნებას გულისხმობს და ეს არ მომხდარა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, ანუ მარიხუანა ლეგალურ სამოქალაქო ბრუნვაში არ ექცევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც  აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ. ამ კუთხით რეგულაციების გაწერა კი საკანონმდებლო ირგანოზეა.

რას ნიშნავს „მოხმარება არ ისჯება“

იურისტების განმარტებით, გაუგებრობა „მოხმარების“, როგორც ტერმინის განმარტებაში იმალება ანუ რას ნიშნავს, რომ მოხმარება არ ისჯება.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე საკუთარ ბლოგზე წერს, 2006 წლის შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით: „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი“.

მახარაძე წერს, რომ საერთო სასამართლოებიც სწორედ ამგვარად განმარტავენ „მოხმარებას“ და არა მოხმარების პროცესს (მოწევას). საკონსტიტუციო სასამართლოც ასე განმარტავდა მოხმარებას გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელშიც, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გაუქმდა მარიხუანას მოხმარებისთვის.

მახარაძე ამბობს, რომ უშუალოდ მოხმარების პროცესი მიიჩნევა თუ არა სამართალდარღვევად, ამას სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს. ვინაიდან დღეს მცირე ოდენობით ანუ 5 გრამამდე მარიხუანის ფლობა დასჯადია.

„მოცემულობა დღეს ასეთია: ბიოლოგიურ მასალაში თუ მარიხუანა აღმოგაჩნდათ, აღარ დაისჯებით (არც ჯარიმით, არც არაფრით); თუ სახლში ან სხვა ადგილას (გარდა  სასწავლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ  ადგილას მოწევის პროცესში პოლიცია დაგადგათ თავს, სასამართლოს წინაშე მოგიწევთ წარდგომა, თუმცა სასამართლომ (წესით და რიგით) თქვენს სასარგებლოდ უნდა განმარტოს ადმინისტრაციული ოდენობის ფლობა, როგორც მოხმარება“, - წერს მახარაძე.

მოხმარების პროცესი ფლობად ჩაითვლება თუ მოხმარებად ამას, სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ოქტომბერი
24 ოქტომბერი

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე: ძალიან დი ...

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ჩანაწერები ...

ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ვერ იხსენებს. „ვერ ვიხსენებ, ასეთი ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რატომ მოუწია კვირიკაშვილს თანამდებობის დ ...

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე unicef-ის კვლევასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაღარიბ ...
^