Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ეძღვნება ღონისძიება მოსკოვში, სადაც „ბასიანის“ რეზიდენტებს უნდა დაეკრათ

10 აგვისტო, 2018 15:21

„მოემზადეთ გენიალური აღმოჩენებისთვის, მეამბოხე ახალგაზრდობისთვის, გამოჩენილი კოლექციონერების იშვიათი მიგნებებისა და დიდებული მუსიკალური სიურპრიზებისთვის“ - წერს გამოცემა „Residentadvisor Red Bull“-ის მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 14-16 სექტემბერს მოსკოვში პირველად გაიმართება. 

სამდღიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება კონცერტები, საკლუბო ივენთები და საჯარო განხილვები. ასევე, ადგილი დაეთმობა პროდიუსერებს, რათა შეძლონ იდეების გაცვლა.

აღნიშნულ ფესტივალში კლუბ „ბასიანის“ 4 რეზიდენტს უნდა მიეღო მონაწილეობა. მათთან ერთად ფესტივალზე კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანიც უნდა გამგზავრებულიყო „რათა აღედგინა თბილისის კლუბის მონაწილეთა თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო მოსკოვში“, - წერს ფესტივალის ოფიციალური გვერდი. 

დღეს „ბასიანმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით გუნდმა ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი... - ეს ის ქალაქებია, სადაც უახლოეს მომავალში BASSIANI-ის შოუქეისები გაიმართება. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია - ცეკვა თავისუფლებისთვის“.

„ბასიანის“ განცხადებით, 15 სექტემბერს მოსკოვში „REDBULL MUSIC ACADEMY“-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე „RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS“ [წინააღმდეგობა მუსიკაში ბასიანის რეზიდენტებთან ერთად] - სწორედ ამ შინაარსს ატარებდა. ის მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბ „GASGOLDER“-ში დაიგეგმა და ორგანიზატორების გულწრფელი სურვილი გახლდათ, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ „BASSIANI / HOROOM“-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო. 

იხილეთ „ბასიანის“ განცხადება სრულად.

ერთ-ერთი არტისტი, რომელსაც ფესტივალზე უნდა დაეკრა, Facebook-ზე წერდა, რომ ფესტივალი იმ ადამიანების ორგანიზებულია, ვისაც „რუსეთის მთავრობა გაშმაგებით ებრძვის". 

„მესმის და სრულად ვიზიარებ თქვენს გაბრაზებას ამ ბუქინგის გარშემო. პირველ რიგში, არ მინდა თავის მართლებად მიიღოთ ეს ჩემი პოსტი და შევეცდები ძალიან მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც ამ ფესტივალის უკან დგანან. ეს კონკრეტული პირები ზუსტად იმ კლუბების და ფესტივალების მმართველები არიან, ვისაც რუსეთის მთავრობა გაშმაგებით ებრძვის და მაქსიმალურად ცდილობს შეუზღუდოს [ყველანაირი] თავისუფლება. ამ ბუქინგის იდეაც ზუსტად „Resistance" [წინააღმდეგობა] არის.

უცვლელად დავაკოპირებ ერთ-ერთი ორგანიზატორის სიტყვებს: „ჩვენ გვაქვს იდეა, გავაკეთოთ ერთი ღამე გასგოლდერში და დაავარქვათ მას წინააღმდეგობა მუსიკაში. მინდოდა, მეთხოვა „ბასიანის“ წარმომადგენლების საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო, რამაც, სამწუხაროდ, რუსეთში არ იმუშავა  „Outline“-ისა და „Arma 17“-ის შემთხვევაში. ჩვენ დავმარცხდით ამ ომში, როგორც ჩანს, თქვენ გაიმარჯვეთ, ამიტომ გვინდა, მოგიწვიოთ ჩვენთან, რათა მხარი დაგიჭიროთ]. #დიდებაგმირებს", - წერდა ზურკინ ჭყონია. 

- - -

„Arma 17“ საპრომოუტერო ჯგუფია, რომელიც მოსკოვში ცნობილი გახდა ივენთების სერიით და ფესტივალ Outline-ის ორგანიზებით. „Arma 17-თან“ red bull-ის მუსიკალური აკადემიაც თანამშრომლობდა.

„Arma“-ს კლუბი 2009 წელს დაიწვა, თუმცა მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა. ორგანიზაციამ გასულ წელს განაცხადა, რომ წვეულებებს აღარ უმასპინძლებდა რუსეთში. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მე-9 იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების ჩაშლა იყო. ღონისძიება პეტერბურგში, საბრძოლო აღჭურვილობის ყოფილ ქარხანაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო წუთს ადგილის დათმობაზე ტერიტორიის მფლობელმა უარი განაცხადა, რადგან ადგილობრივმა საბჭომ ასე ურჩია. „Arma“-ს განცხადებით, ამ ამბის შემდეგ ქარხანას ელექტროენერგია ჩაუჭრეს, ორგანიზაციას და ინსტალაციაზე მომუშავე არტისტს, სილა სვეტას ადგილის დატოვებისკენ მოუწოდეს - ამის შესახებ „Calvet Journal“ წერს.

თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „Arma 17“-ის „მიზანმიმართულ შევიწროებას“ ეწეოდნენ - 2016 წელს „Outline“ ფესტივალი გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გააუქმეს, მოგვიანებით კი იგივე ბედი ეწია „Arma“-ს ორგანიზებულ სხვა ღონისძიებასაც. ყველა შემთხვევაზე ღონისძიებების ჩაშლის მიზეზად ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ასახელებდა. „Arma“-ს წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ მათ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არასდროს მიუღიათ. 2017 წელს „Arma 17“-მა განაცხადა, რომ რუსეთში ღონისძიებებს აღარ გეგმავდნენ და მუშაობას ბერლინსა და ლონდონში გააგრძელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^