Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო: არასწორია შეფასება, რომ სასამართლომ მარიხუანის „ლეგალიზაცია“ მოახდინა

12 აგვისტო, 2018 20:16

„მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის „ლეგალიზაცია“. აღნიშნული შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას", - საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ  ბოლო დროს მედია საშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ გავრცელებული ინფორმაცია მოკლებულია საფუძველს.

სასამართლო განმარტავს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს.

რას ნიშნავს, მარიხუანის „მოხმარება არ ისჯება“

„საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება საზოგადოების წევრების აქტიურ დაინტერესებას სასამართლოს საქმიანობის მიმართ. მივიჩნევთ, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა სასამართლოს საქმიანობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ინტერესი და კრიტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოში კონსტიტუციური კონტროლის განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა პირთა წრის მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა, ვინაიდან მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებაში არ არის ერთგვაროვანი მიდგომა.

დასანანია, რომ ბოლო დროს მედია საშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული განცხადებები არ შეიცავს არცერთ საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებას და არასწორი დასკვნების გზით, ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას მედია საშუალებებისა და საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გადაუმოწმებელ, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული მოსაზრებები, ასევე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებები შეიცავს სასამართლოს ავტორიტეტისა და სანდოობის დაზიანების რისკებს, რაც საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასა და ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა პირებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას და გამოთქმული კრიტიკა დააფუძნონ დასაბუთებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის საკითხზე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომლებიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არა სხვა გარემოებას. 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება კი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას და გაუგებარია, თუ რატომ გახდა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის მიზეზი.

დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ როლზე განსხვავებული შეხედულებების დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთებას იწვევს. სასამართლო გამოხატავს უდიდეს პატივისცემას განსხვავებული მოსაზრების მქონე საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის ამოსავალი წერტილი კონსტიტუციური უფლებების დაცვაა და იგი ვერ დაუშვებს უფლებების დარღვევას საზოგადოებრივი პროტესტის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განუხრელ დაცვას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^