Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დაუჭირეთ მხარი დეკრიმინალიზაციას" - Human Rights Watch-ის რეკომენდაცია ხელისუფლებას

13 აგვისტო, 2018 17:05

საქართველოს ნარკო-კანონმდებლობას და მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს, - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც ანგარიშში წერია, რომ არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით  შეიძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ანგარიშის ავტორები არიან გიორგი გოგია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი და გურამ იმნაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პროექტების მენეჯერი.

„საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ადამიანს თვითნებურად ეზღუდება თავისუფლება იძულებითი ნარკოტესტირების დროს, რის შემდეგაც ისინი შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადდნენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება ან ფლობდნენ მას მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით,“ - ამბობს გიორგი გოგია.

მისი თქმით, ადამიანების ციხეში გამოკეტვას ნარკოტიკების მოხმარების, ან მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის გამო, უზარმაზარი ზიანი მოაქვს მათთვის და ვერაფრით ეხმარება იმ პირებს, ვისაც მკურნალობის საჭიროება და სურვილი გააჩნიათ.

ანგარიში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებთან, მათ ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან, სოციალურ მუშაკებთან, სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ანგარიშში განხილულ ერთ-ერთ საქმეში, 2016 წელს პოლიციამ 23 წლის კოტე ჯაფარიძე დააკავა 2 გრამი „კლუბური“ ნარკოტიკის - MDMA-ს შენახვისთვის და ბრალი წაუყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ  ჯაფარიძეს 20 წლამდე საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდა, მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურასთან და დათანხმდა პირობებს, რომლითაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 5 წელი პირობითად ჩაითვალა. ამავდროულად, სასამართლომ მას 25,000 ლარის (დაახლოებით $10,800) ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.  ჯარიმის გადასახდელად აღებული სესხის დაფარვას ჯაფარიძე დიდი გაჭირვებით ახერხებს; მას, აგრეთვე, ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლება 5 წლის ვადით.

„ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის შევიძინე. წარმოდგენა არ მქონდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ჩავდიოდი. მიუხედავად ამისა, მძიმე ფასის გადახდა მიწევს", - უთხრა ჯაფარიძემ Human Rights Watch-ს.

ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს კანონმდებლობა ხანგრძლივ მინიმალურ სავალდებულო სასჯელს აწესებს ნარკოდანაშაულებისთვის, ამავდროულად, ამ ტიპის დანაშაულზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი თითქმის 100%-ს აღწევს. შედეგად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულისთვის, ხანგრძლივი პატიმრობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. ასეთ საპროცესო შეთანხმებებს კი ძალიან დიდი ჯარიმებიც მოყვება, რამაც შეიძლება უმძიმესი ფინასური გავლენა იქონიოს ბრალდებულსა და მის ოჯახზე.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელიც Human Rights Watch-მა შეისწავლა, ოჯახმა ბინა დაკარგა, რათა ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული ჯარიმა გადაეხადა.

„გარდა არაპროპორციულად მაღალი საპატიმრო სასჯელებისა, ნარკოდანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელების ავტომატურ შეზღუდვას. აღნიშნული შეზღუდვების ვადა, პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შემდეგ, 3-დან 20 წლამდე შეიძლება მერყეობდეს. ასეთი შეზღუდვები ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის გარეშე ტოვებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია. ეს ნიშნავს ამ ქმედებებზე ყველა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გაუქმებას.

„სრულიად გასაგებია ბევრი ადამიანის სურვილი, ხელისუფლებამ მოაგვაროს ნარკოტიკების პრობლემური მოხმარების საკითხი, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომებზე ფოკუსირებაა", - ამბობს გიორგი გოგია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^