სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი შავი ზღვის საერთაშორისოსო უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
"2017 წლიდან დღემდე ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ავტორიზაცია შეუწყდა შაჰინის აკადემიურ კოლეჯსა და დემირელის სკოლას.
2018 წლის 21 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა პირველ კურსზე სტუდენტების მიღება თითქმის ორი წლით შეუზღუდა შავი ზღვის უნივერსიტეტს, იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტის პროგრამებმა საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით აკრედიტაცია გაიარა.
სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული რეპრესიები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვარაუდის დონეზე ასოცირდება ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ პრეფერენციებთან და ხედვასთან.
ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა შეითავსა სასამართლოს ფუნქცია და საზოგადოებრივი საბჭოების ხელით საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს განათლების მიღების თავისუფალი არჩევანის უფლებას.
შექმნილი ვითარება, ერთი მხრივ, ლახავს ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის, როგორც განათლების განვითარებაზე ორიენტირებული უწყების, იმიჯს, ხოლო, მეორეს მხრივ კი - საზოგადოებრივი მონაწილეობის არსებულ რგოლს - საბჭოებს ფიქტიურ და ძალაუფლების მქონე პირების ადვილად მანიპულირებად წარმონაქმნად აქცევს.
როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების ხარისხი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა, ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს აქვს შანტაჟის სახე.
ასეთი გადაწყვეტილებებით ზღუდავს კერძო ინვესტიციების თანამონაწილეობას და საგანმანათლებლო სექტორსა და ბიზნეს სექტორს შორის ზრდის არსებულ დიდ ნაპრალს. ძლიერდება საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პოლიტიკური კონტროლი.
საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესები არადემოკრატიულია და ლახავს ადამიანის უფლებებს. ამ გადაწყვეტილებით ხარისხის მართვის ეროვნულმა ცენტრმა არჩევანის უფლება წაართვა საქართველოს მოქალაქეებს.
საქართველოს მოქალაქეების განათლება, თავისუფლება და არჩევანი ჩვენთვის უმაღლესი ღირებულებაა. სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი საბჭოების საქმიანობა მიგვაჩნია მიუღებლად და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უსამართლობასთან ბრძოლაში.