12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით მეხუთედ გაიმართა.
წელს პროექტის ფარგლებში შედგა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ გასულ წელს დაწესებული პრემიით დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონია. ფონდის ჯილდოს მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით (საბჭოში შედიან: ლია სტურუა /პოეტი/, ბაღათერ არაბული /პოეტი, მწერალი/, კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი/, ივანე ამირხანაშვილი /კრიტიკოსი, ლიტერატორი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედია-პროდიუსერი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /ფილოსოფიის ფოქტორი/ და გიორგი სავანელი /დრამის რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/) - „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მწერალს, ესეისტს, კრიტიკოსს, მთარგმნელსა და არა ერთი საგანმანათლებლო ინიციატივის ავტორს, როსტომ ჩხეიძეს გადაეცა.
როსტომ ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა ფონდის მესვეურებს და საბჭოს შემადგენლობას მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მინიჭებისათვის და ილიას იდეების დღევანდელ რელობაში რელიზაციაზე ისაუბრა - „ჩემთვის ეს ჯილდო, ერთ-ერთ რიგით პრემიაზე გაცილებით მეტია, როგორც ილიას სახელის, ასევე ჯილდოს მიზნებიდან და მისი დატვირთვიდან გამომდინარე. უნდა „გეყუდნეს“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, უნდა გწამდეს ეროვნული ენერგიისა, უნდა გწამდეს ძლიერი საქართველოსი, ძლიერ კავკასიაში. აი, ეს არის ილია და არა მარტო ის „გეყუდნეს“... საუკუნის წინათაც გვეყუდნოდა და თავზე დაგვემხო, იმიტომ რომ არასახელმიფოებრივად და არაეროვნულად მოაზროვნე ხალხი აღმოჩნდა სათავეში... ყველაფერი წერია ილიასთან, მარტო ილიას სახელს კი არ უნდა გავიძახოდეთ, ილია უნდა წავიკითხოთ, ილია უნდა გავითვალისწინოთ და ის უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც მიეზიდებოდა ილია ჭავჭავაძე ჩვენ უნდა გადავინაწილოთ.“
დაჯილდოების ცერემონია სიმბოლურად მთაწმინდის პანთეონში გაიმართა. პრემიის დაჯილდოებას სალიტერატურო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია - საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მომავალ წელს, ამავე დღეს, 12 სექტემბერს, უკვე მესამედ გაიცემა.