საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმირების ხედვა წარადგინა.
მინისტრის თქმით, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, დაიგეგმება სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო-პლატფორმა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, ის ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით გატარდება.
უფრო კონკრეტულად კი, მათივე ცნობით, პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რეფორმის ამავე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე.
მათივე ცნობით, რეფორმის მეორე ეტაპი 2020-2023 წლებს მოიცავს, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.
რაც შეეხება მეცნიერებას, მინისტრის თქმით, მოხდება სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრა და მხარდაჭერა, ამასთან, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის სტიმულირება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა.