Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„3000 ადამიანი შემოსავალს დაკარგავს, გაძვირდება პროდუქტი“ - ხორბლის იმპორტიორების პროტესტი

18 სექტემბერი, 2018 23:05

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან (გეზი) ხორბლის იმპორტიორთა საპროტესტო აქცია გრძელდება. გეზ-ის მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია. ასობით იმპორტიორი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას აპროტესტებს და მის გაუქმებას მოითხოვს. მინისტრ ივანე მაჭავარიანის ბრძანების მიხედვით, 1 ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის შემოტანა აიკრძალება და საქონლის შემოტანა/გატანა  მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. 

ხორბლის იმპორტიორები მთავრობას ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და ხვალ, 19 სექტემბრის საღამომდე აძლევენ ვადას, ბრძანების გასაუქმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომაგისტრალების გადაკეტვით იმუქრებიან. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, 3000-მდე ადამიანი, მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩებიან და ვეღარ შეძლებენ საბანკო ვალდებულებების შესრულებას.

დავით მითაიშვილი ერთ-ერთი მანქანის მეპატრონე და ლილოში მიმდინარე აქციის მონაწილეა. როგორც თავად გვიყვება, სატვირთო მანქანის შესაძენად ბანკიდან სესხი გამოიტანა, სანაცვლოდ კი ბინა და მიწის  ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა. მისივე თქმით, მის ბევრ ნაცნობს ნათესავის ბინაც აქვს „ბანკში ჩადებული“. 

„ეს ბრძანება თუ ძალაში შევა, წაგვართმევენ სახლებს. დღეს მირეკავს ბანკი, რომ ვალი გადასახდელი გაქვთო. მე ვუხსნი, რომ ვდგავართ აქციაზე - რა შუაშია აქცია? პროგრამამ იცის აქცია? - ასე მითხრეს. იქ უნდა გადაიხადო, არ მიიტან და ჯარიმაა, უკვე ჯარიმებზეა ჩემი საქმე, მაგრამ ეს მირჩევნია იყოს, ოღონდაც ბოლომდე და უპირობოდ მივაღწიოთ იმ ჩვენს შეთანხმებას“, - ამბობს მითაიშვილი

მითაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობაში დაახლოებით 3000 მანქანა იყო ჩართული ,და მას, როგორც მანქანის მეპატრონეს, კიდევ ორი ადამიანი ჰყავს დასაქმებული - მძღოლი და ბუღალტერი, მათ თვეში ანაზღაურების სახით მინიმუმ 2000 ლარს უხდის, თუ მძღოლი თვეში 3 რეისს მაინც შეასრულებს. 

„აქედან სახელმწიფოს მინიმუმ 300-400 ლარს ვურიცხავდი, ამ სამ ადამიანს ოჯახები ხომ გვყავს? ასე რომ ვიანგარიშოთ, 9000 ადამიანი გამოდის - აქედან 2000 ადამიანს მაინც ხომ ეყოლება ოჯახი? ამდენ სულს ხომ ტოვებენ მშიერს?“, - ამბობს იმპორტიორი

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მინისტრის ახალი ბრძანებით პრობლემა მხოლოდ იმპორტიორებს არ შეექმნებათ - პური, კვერცხი და ხორცის პროდუქტები გაძვირდება, წისქვილკომბინატები საექსპორტო პროდუქტს ხელსაყრელ ფასად ვეღარ დაამზადებენ და ა.შ. ისინი ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ თავიანთი მანქანებისთვის საქართველოში ყიდულობდნენ საწვავს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახებოდა. 

ფინანსთა მინისტრი გაცემული ბრძანების საფუძვლად აგვისტოში იმას ასახელებდა, რომ  სახმელეთო გზით, ხორბლის შემოტანა რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეფერხებებს იწვევდა, რის გამოც ტურისტებს დისკომფორტი ექმნებოდათ. ივანე მაჭავარიანი აცხადებდა, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, ამ ფონზე კი, რუსეთის ტურიზმის სამსახური და თავად ტურისტებიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მინისტრის არგუმენტები დამაჯერებელი არ არის და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ის 5 თუ 6 ტურისტი (თუმცა არ ყოფილა უკან გაბრუნების ფაქტი) არ სჯობს ჩვენი, 3000 კაცის გადაყრას. 3000 კაცის და 3000 ოჯახის გვერდით გადაყრას სულ მინიმუმ. ეს არის ძალიან დიდი ჭორი. რაღაც ისეთი მაინც ეთქვათ, რაც რეალური იყო, ტურისტებს როგორ დააბრალეს, რა სირცხვილით დააბრალეს? თურმე სახელმწიფოს ხელს ვუშლით ტურიზმის განვითარებაში“, - ამბობს დავით მითაიშვილი

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ხორბლისა და სიმინდის შემოტანაზე უფლების მოპოვება მსხვილი კომპანიების ინტერესებში შედის და კომპანიის წარმომადგენლები მთავრობასთან ახლო კავშირებს სათავისოდ იყენებენ.

„ვერანაირად ფასით ვერ გვაჯობეს, ვერაფერი ვერ გაგვიკეთეს. იმიტომ, რომ ახლო მანძილიდან მოგვაქვს ეს ხორბალი, მათ კი მინიმუმ 2000 კმ აქვთ გასავლელი - გემით, მატარებლით... ფასით რომ ვერ გვაჯობეს, ადგნენ, მონახეს მთავრობაში მეგობრები, ვინც არიან და პირდაპირ კანონი დაგვიპირისპირეს. ეს არ არის დემოკრატია - აქ უკვე თავისუფალი კონკურენცია აღარ არის. რატომ? რა დავაშავეთ ამდენმა ხალხმა?“, - აცხადებს აქციის მონაწილე

იმპორტიორებს უკვე შეხვდნენ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი. 

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზეს. თუმცა იმპორტიორები მოლაპარაკებაზე არ თანხმდებიან და მოთხოვნების შესრულებას ელიან. მინისტრის მოადგილემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, თუ გეზ-ი კვლავ ამუშავდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, აღარ შეაფერხონ გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^