
ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის 6 დაკავებული თანამშრომლიდან 5-მა ბრალი აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, - ამის შესახებ „ლიბერალს" დაცვის მხარის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდა.
შახტის ადმინისტრაციის 6 თანამშრომელი აგვისტოში დააკავეს. ესენი არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, ამავე შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის მენეჯერი, N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე და უფროსის თანაშემწე;
გამოძიების პოზიციით, დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.
„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.